პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტი, ზვიად რატიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტი, ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე, მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები შესაძლოა მიუთითებდეს ახალი დანაშაულის ჩადენას და არ არსებობს მისი გათავისუფლების საფუძველი. დაცვის მხარის მტკიცებით კი, აღნიშნული გამორიცხულია. ადვოკატის პოზიციით, ზვიად რატიანი მხრიდან არ არსებობს მართლმსაჯულებისთვის შემშლელი რაიმე ფაქტორი და მეტიც, თვითონ „ზვიად რატიანი გამხდარა არაერთხელ პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი“.

რაც შეეხება უშუალოდ ზვიად რატიანს, მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში მარჯვენა ხელი დაარტყა. ბრალდებულის, ზვიად რატიანის განცხადებით კი, ის თავს დამნაშავედ არ თვლის. ამასთან, მან უპასუხა მოსამართლის შეკითხვას, ხომ არ გამხდარა წამების მსხვერპლი.

„ჩემთვის გასაკვირად და სასიამოვნოდ, ამჯერად არა... წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვთვლი“,- განაცხადა ზვიად რატიანმა.

ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა