ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია - ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან  - რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას და ასევე, სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს სამართლებრივ დოკუმენტაციას გაუგზავნიან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მათ არ „ეკუთვნით“ შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება.

„11 აგვისტოს ექვსმა ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას გვედავებიან, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.

მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა;

ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს.

ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც თითქოს ეს კანონია, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით.

პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „მედიის განვითარების ფონდი“, „ისფედი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო