საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს „ოცნების“ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს და გულანთებულ პატრიოტებს უკანონოდ აპატიმრებს, თავად კი ხელს აფარებს და
ახალისებს მოძალადე და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე აცხადებს.
მისი თქმით, თბილისი მხოლოდ სამართლიანი, თანამედროვე სტანდარტების, ევროპული ტიპის ღია, გამჭვირვალე და კარგი მმართველობის პირობებში აშენდება, „ქალაქს კი ამჟამად კორუმპირებული მმართველები ჰყავს”.
„კარგად მესმის, რომ არ არსებობს უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე წარმოადგენდე იმ ქალაქის ინტერესებს, სადაც დაიბადე და გაიზარდე! სადაც დაიბადნენ და იზრდებიან შენი შვილები, რომლებიც უკეთეს ქალაქში, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებენ...
უკეთესი თბილისი კი, არა „ოცნების“ კორუმპირებული და მოძალადე რეჟიმის, არამედ მხოლოდ სამართლიანი, თანამედროვე სტანდარტების, ევროპული ტიპის ღია, გამჭვირვალე და კარგი მმართველობის პირობებში აშენდება და დამშვენდება! თბილისი კორუფციის გარეშე – ეს მიზანი წინა მოწვევის საკრებულოში შესვლის პირველივე დღიდან დავისახეთ და ბრძოლა „ოცნების“ კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ არ შეგვიჩერებია!
სამწუხაროდ, თბილისის საკრებულო „ოცნებამ“ და კალაძემ მათივე ხელით შექმნილი სისტემური პოლიტიკური კორუფციის ნაწილად აქციეს – მაშინ, როცა საკრებულო,ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის თანახმად, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური ინსტიტუტია, რომელიც იმდენად დააკნინა და დაასუსტა კალაძემ, რომ მხოლოდ ერთი ფუნქცია დაუტოვა – უსიტყვოდ დაემორჩილოს და მხარი დაუჭიროს მის ყველა უკანონო და კორუფციული ინტერესით მოტივირებულ გადაწყვეტილებას!“, - განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, შარაშიძე მიიჩნევს, რომ თბილისს ისეთი ღირსებული და სუფთა წარსულის მქონე მერი სჭირდება, როგორიც ირაკლი კუპრაძეა.
„ამიტომ სჭირდება დღეს თბილისს ახალი მერი – ღირსეული, სუფთა წარსულის მქონე პატიოსანი და კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, ისეთი, როგორიც ირაკლი კუპრაძეა და ამიტომ გვჭირდება „ოცნების“ კორუმპირებული ბანდისგან თავისუფალი – ახალი თაობის კეთილსინდისიერი პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული თბილისის საკრებულო! კარგად გვესმის, რომ ვერთვებით უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში, მაგრამ გვესმის ისიც, რომ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა ვუპასუხოთ და „ოცნების“ რადიკალური და მოძალადე რეჟიმი მშვიდობიანი, მაგრამ ამავე დროს მწვავე და პრინციპული, თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკური წინააღმდეგობით უნდა დავამარცხოთ!
გვესმის, რომ ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა, როცა ყველა სახელისუფლო რესურსი ერთი პარტიის ხელშია კონსოლიდირებული. ამიტომ დღეს, ამ ბრძოლას ახალი ენერგია და ახალი სინერგია სჭირდება!
დღეს, ამ ბრძოლის წინა ხაზზე ახალი თაობის პოლიტიკოსები, პროფესიონალები, ღირსეული და კეთილსინდისიერი პატრიოტები გამოდიან! გამოდიან იმისთვის, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, დავასრულოთ „ოცნების“ და კალაძის კორუმპირებული მმართველობა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში.
დღეს, საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს „ოცნების“ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს და გულანთებულ პატრიოტებს უკანონოდ აპატიმრებს, თავად კი ხელს აფარებს და ახალისებს მოძალადე და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ვისაც აღარ აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების არანაირი პოტენციალი და მოტივაცია, რადგან მათთვის მთავარი არა ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი, არამედ მოპარული ფულის შენარჩუნება და მიტაცებული ძალაუფლების გახანგრძლივებაა!”- განაცხადა მან.
შარაშიძის თქმით, ქვეყანაში ახალი ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იქმნება, რათა ქვეყანა მოღალატე ქართველებისგან გათავისუფლდეს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისი და საქართველო უნდა გავათავისუფლოთ „ოცნების“ მოძალადე, მოღალატე, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმისგან, რომელიც საკუთარი პირადი კეთილდღეობის გამო საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს და ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს უკარგავს.
დღეს თბილისის ამ ისტორიულ ადგილას ახალი სტანდარტის პოლიტიკური ბრძოლა იწყება – ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, როცა ჩვენი საყვარელი სამშობლო არა უცხოელი დამპყრობლის, არამედ, სამწუხაროდ, ჩვენივე თანამემამულე მოღალატე ქართველებისგან უნდა გავათავისუფლოთ!
ძვირფასო თბილისელებო, ამ ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერის და აქტიური მონაწილეობის იმედი გვაქვს! ერთად დავიხსნათ თბილისი ოცნების კორუმპირებული რეჟიმისგან!
თბილისი კორუფციის გარეშე! თბილისი უსამართლობის გარეშე! თბილისი ძალადობის გარეშე!“ - განაცხადა შარაშიძემ.