PACE-ს დეპუტატები - თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის, მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი

თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი, - ამის შესახებ აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილისთვის დააკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტიკურ პატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებში.

„ამის ნაცვლად, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის მაღალი რანგის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ არის უწყვეტი კამპანია დემოკრატიული ოპოზიციის აღმოსაფხვრელად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მიზნით. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიების ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას”, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები.

„წევრ სახელმწიფოებში ავტორიტარიზმისკენ უკუქცევის უგულებელყოფა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის საფუძვლებს. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლში მითითებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევების გამო“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია