ლევან ნატროშვილი - „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ვაგრძელებთ მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საქართველოში 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტული გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ორგანიზაციამ მოამზადა ანგარიში, რომელიც საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინა პერიოდში არსებულ გარემოს აფასებს.

„ანგარიშისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს ჩვენთვის წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის წამოყენებული მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. „სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, ქვეყანაში დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და პერიოდულ შეფასებას“,-განაცხადა ნატროშვილმა.

მისი განმარტებით, 2024 წლის არჩევნების შედეგების აღიარების კუთხით ძალიან ბევრი კითხვა იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

„ის პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისი, რაც მაშინ დაიწყო, დღესაც გრძელდება. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ არ აღიარა. ისინი საპარლამენტო საქმიანობაზე დღემდე უარს აცხადებენ, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ერთპარტიულად „ქართული ოცნების“ მიერ არის დაკომპლექტებული ის პარლამენტი,რომელიც დღეს ფუნქციონირებს. ეს დასაწყისი იყო ამ პოლიტიკური კრიზისის და იმ მძიმე პოლიტიკური კონტექსტის, რომელიც დღეს გვაქვს“,- განაცხადა ნატროშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, ასევე, საპროტესტო აქციებში მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება საარჩევნო გარემოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

ლევან ნატროშვილის თქმით, ვითარებას აუარესებს ის ფაქტი,რომ ხელისუფლება რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და აქტივისტების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაც.

„ის ფონი, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სტანდარტების ხარისხით კუთხით არის დღეს ქვეყანაში შექმნილი, მნიშვნელოვანი უკუსვლა გვაქვს ქვეყანას ამ მიმართულებით. ნებისმიერი სანდო რეიტინგი რომ ავიღოთ, მაგალითად, Freedom house-ს ბოლო ანგარიში, საქართველომ დაკარგა საარჩევნო დემოკრატიის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმალური სტანდარტები, რაც საარჩევნო პროცესებისთვის არის მნიშვნელოვანი, ქვეყანაში დაცული აღარ არის. ასევე, ის რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ვნახეთ და ახლაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

იხილეთ ანგარიში სრულად.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო