ადვოკატი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს

ადვოკატი გიორგი ჩხაიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობით მან მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიმართა.

ჩეჩინის ბრალდების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. როგორც ადვოკატმა გიორგი ჩხაიძემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რუსეთის მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს, რადგანაც უდანაშაულოა.

ადვოკატის თქმით, ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მისივე განცხადებით, ანტონ ჩეჩინისგან ბიოლოგიური მასალა უკანონოდ მოიპოვეს და შემდგომ გადაიტანეს ნარკოტიკულ საშუალებაზე. როგორც მან აღნიშნა, საქმეში არ არსებობს ჩეჩინის ჩხრეკის ვიდეო და არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, ბრალდების მხარის მიერ ნეიტრალურ მოწმედ წარმოდგენილი თარჯიმანი შორენა ტაბატაძე კი, ასეთად ვერ ჩაითვლება.

„სასამართლოს აქვს სრული შესაძლებლობა, უდანაშაულო ადამიანის მიმართ გამოიყენოს ერთადერთი სწორი, კანონიერი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ ის სხდომათა დარბაზიდან.

დაკითხვისას ანტონ ჩეჩინმა პოლიციას მშვიდად მიაწოდა ინფორმაცია, რადგან მას ზურგს სიმართლე უმაგრებს. ანტონ ჩეჩინი რუსეთიდანაა, ის მხარს უჭერდა ალექსეი ნავალნის, ორჯერ მიიღო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, უკრაინაში წარმოებული სისხლისმღვრელი ომის წინააღმდეგ გამართულ აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის დატოვება მოუწია. ამის გამო მან მიმართა ევროპის სასამართლოს და რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. ამის მერე ის ჩამოდის საქართველოში, სადაც გაიცნო მისი ამჟამინდელი მეუღლე, მანანა სამხარაძე. ჩეჩინი მათ შორის, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე ეხმარებოდა დაშავებულ ადამიანებს. 18 ნოემბერს, როდესაც ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე პირველად დააკავეს, გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, მის მიმართ იყო მუქარა, რომ შეეწყვიტა აქციაზე სიარული. ამის შემდგომ კი, ის 3 დეკემბერს კვლავ დააკავეს, უკვე ნარკოდანაშაულის ბრალდებით.

დაკავებისას ანტონ ჩეჩინი ავტომობილში მოათავსეს, რის შემდეგაც მის მიმართ დაიწყო ფიზიკური ძალადობა. ადგილი ჰქონდა საუბარს, რომ ანტონ ჩეჩინი ჰყიდის ნარკოტიკულ საშუალებას და წამლავს ქართველ ახალგაზრდობას.

რეალურად, ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მას მოსთხოვეს ქურთუკის გახდა და შემდეგ ისევ ჩაცმა. ამის მერე ხდება მისი ქურთუკიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება. ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ მის ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა 6-8 ადამიანი.

პირადი ჩხრეკისას კი არ გადაუღიათ ვიდეო და ჩხრეკას არ დასწრებია ნეიტრალური მოწმე. ბრალდება ამბობს, რომ ჩეჩინის მხრიდან არსებული წინააღმდეგობის გამო ვერ გადაიღეს ჩხრეკის ვიდეო, ხოლო საქმეში ნეიტრალურ მოწმედ წარმოადგინეს თარჯიმანი, შორენა ტაბატაძე.

სასამართლო პროცესების მიმდინარებისას გამოვლინდა, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ანტონ ჩეჩინის პიროვნების მიმართ დაინტერესება გამოიწვია მისმა პოლიტიკურმა აქტივობამ და საპროტესტო აქციებში მუდმივმა მონაწილეობამ“, - განაცხადა დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა გიორგი ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს