„პროექტის ფარგლებში GIS სისტემაში შეიქმნა ნიადაგის დარიშხანით დაბინძურების რუკა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვითი გადამჭრელი ღონისძიებების განხორციელების, ბუნებრივი წყლების, ნიადაგებისა და სასურსათო პროდუქტების სისუფთავის დადგენის საკითხებში, რაც უშუალო კავშირშია რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან, ხოლო ფიტორემედიაციის განხორციელება მაღალმთიან რეგიონში და თანაც ღია გრუნტის პირობებში ნამდვილად ინოვაციურია, რადგან ასეთი კვლევები პირველად ჩატარდა რეგიონში. ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარემოს დაბინძურებილ უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება, რაც უდაოდ პროექტის დიდი წარმატებაა და რაც უდაოდ დიდ გავლენას მოახდენს მიმართულების სფეროზე და მის განვითარებაზე”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი ლალი შავლიაშვილი აცხადებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფმა ლალი შავლიაშვილმა, მარიამ ტაბატაძემ, ეკატერინა შუბლაძემ და გულჩინა კუჭავამ საგრანტო პროექტის - „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“, ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ამბროლაურსა და ლენტეხში ბუნებრივი წყლებში, ნიადაგებსა და სასურსათო პროდუქტებში დარიშხანის კონცენტრაციის დონის გამოვლენისა და შეფასების მიზნით კომპლექსური კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა დაადგინეს მდინარეების ლუხუნისა და ცხენისწყალის ჰიდროქიმიური შედგენილობისა და დაბინძურების კლასიფიკაცია.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი ლალი შავლიაშვილი აცხადებს, განხორციელებული კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შედგა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ნიადაგების დარიშხანით დაბინძურების რუკა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, ხოლო დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგებზე მოხდა ფიტორემედიაციული ბიოტექნოლოგიის დანერგვა და მისი ეფექტურობის დადგენა ნიადაგის გაწმენდის მიზნით.
ლალი შავლიაშვილის თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საველე სამუშაოები, კერძოდ, აღებული ნიადაგის ნიმუშების ტრანსპორტირება საერთაშორისო სტანდარტული ორგანიზაციის (ISO) მეთოდიკით და ასევე, ლაბორატორიული კვლევა ISO და US EPA სტანდარტული მეთოდიკებით, მოხდა.
„საქართველოში დარიშხანით დაბინძურება განსაკუთრებით მაღალია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ათეული წლების მანძილზე მიმდინარეობდა დარიშხანის მადნების მოპოვება, გადამუშავება და დარიშხანშემცველი ნაერთების წარმოება. დღეისათვის ორივე საბადო დაკონსერვებულია და დარიშხანის წარმოება არ ხდება, მაგრამ მომავალ თაობებს მაინც რჩებათ დაბინძურებული ნიადაგები. დღემდე სოფლებში - ურავი და ცანა, სამთოქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ინახება საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი დარიშხანის წარმოების შედეგად დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენების (4-9 % თეთრი დარიშხანის შემცველი 130 ათას ტონაზე მეტი, რასაც ემატება რუსეთიდან შემოტანილი ათასობით ტონა დარიშხანშემცველი ნარჩენი მათ შორის, ღია ცის ქვეშ მიმობნეული) დიდი პარტიები. დაბინძურების მთავარ წყაროდ მიგვაჩნია ის ნიადაგები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ დარიშხანის გადამამუშავებელი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. სასურსათო პროდუქტებში As-ის განსაზღვრის შედეგები გვიჩვენებს, ყველა პროდუქტში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) დარიშხანის შემცველობა აღემატება ზდკ-ს, განსაკუთრებით მაღალია ეს შემცველობები ხახვში, კარტოფილში, სტაფილოში, ვაშლში, ყურძენსა და ლობიოში. შედარებით ნაკლებია დარიშხანის შემცველობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში აღებულ სასურსათო პროდუქტებში, ზოგიერთ პროდუქტში დარიშხანის შემცველობა უმნიშვნელოდ აღემატება ზდკ-ს (ხახვი, ვაშლი, ყურძენი და ლობიო)“, - განაცხადა შავლიაშვილმა.
სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, დაბინძურებული ნიადაგის აღდგენაში მცენარეებისა და მიკროორგანიზმების საშუალებით ნიადაგისა და წყლის მავნე ნივთიერებებისგან გაუვნებელყოფას დიდი როლი აქვს. როგორც ჯანიკაშვილი აცხადებს, ფიტორემედიაციული მეთოდებით, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ტოქსიკანტი, შეიძლება იქნას მოცილებული გარემოდან, რადგან ახლოსაა ზედაპირთან, შესწევს შეუქცევადობის უნარი, არ უქმნის რისკს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, ფარავს დიდ ზედაპირებს, ამავე დროს, ეკოლოგიურად უსაფრთხოა და არაა ძვირად ღირებული, ამიტომ ეს მეთოდი ფართოდ გამოყენება მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.
„საგრანტო პროექტის - „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“, ფარგლებში, ნიდაგის ფიტორემედიაციისა და ფიტომიგრაციის მიზნით შერჩეული იყო სხვადასხვა ჯიშის კოსმოპოლიტური მცენარეები, რომლებიც კარგად ეგუებიან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს: ჯიჯლაყა-Amaranthus gangeticus, თეთრი ნაცარქათამა-Chenopodium album და მზესუმზირა- Helianthus annuus. ფიტოექსტრაქციისას მცენარეები ნიადაგიდან და წყლიდან დამაბინძურებელს ითვისებენ და ინახავენ მცენარეთა მოსავლიან ბიომასაში. ჰიპერაკუმულატორი მცენარეების მიერ შეთვისებული ლითონის კონცენტრაცია საშუალოდ 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი მცენარის სახეობებში. ჩვენს მიერ შერჩეული მცენარეები მიეკუთვნებიან ჰიპერაკუმულატორებს. ჯიჯლაყა დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგზე ერთ თვეში-ზრდის პერიოდში ნიადაგს დარიშხანისაგან ასუფთავებს 72-81%-ით“, - აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.