8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს

8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა, ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რეჟიმი, რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან.

შესაბამისად, ეს იქნება ასე, სანამ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა, არ მოვიკრებთ საკმარის ძალას და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს! ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე, ქართველი ხალხის მოტყუებაში არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას. ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და გამარჯვებამდე ვიბრძვით!“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, როგორც „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, "31 აგვისტოს გადის ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიცემული ვადა, უვიზოს გადასარჩენად".

„წინასწარ ვიცოდით, რომ რეჟიმი არათუ შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამდა, არამედ კიდევ უფრო მეტად დაგვაშორებდა ევროპას. ამიტომ ჩვენ, ქართული, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ქართული პასპორტი, საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლება ძვირფასია, რომ 13 სექტემბერს 19:00 საათზე თსუ-იდან პარლამენტამდე გავმართოთ მასშტაბური მსვლელობა იმის სათქმელად, რომ ეს მთავრობა ქართველ ხალხს არ წარმოადგენს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ხელისუფლება აქვს მიტაცებული და რომ ჩვენ ევროპულ გზაზე აუცილებლად დავბრუნდებით ივანიშვილის რეჟიმის სრული დემონტაჟით. ასევე, მოვუწოდებთ შეცდომაში შესულ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ხელი აიღონ ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციაზე. ხელი აიღონ ცვლილებების ბორბალში ჯოხად ყოფნაზე, გამოვიდნენ არჩევნებად წოდებული ფარსიდან და დაუბრუნდნენ ერთობის თანმიმდევრულ გზას, რაც გამოიხატება ქუჩის პროტესტში და რეჟიმის თანმიმდევრულ იზოლაციაში ყველა დონეზე. მის დანიშნულ თარიღებში რეჟიმი უნდა დარჩეს მარტო. მისი მარტოობა არის მისი სისუსტე და ეს განაპირობებს ზუსტად იმას, რაც ხდება დღეს რეჟიმის რიგებში. ეს განაპირობა ქართველი ხალხისა და ჩვენმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ. ნებისმიერი მცდელობა რეჟიმის მიერ დაწესებულ თარიღებში გამარჯვების დღედ გამოაცხადო, არის რეჟიმის ლეგიტიმაცია. სწორედ ამიტომ გთხოვთ გამოხვიდეთ 13 სექტემბერს, მათ შორის იმ პარტიებსაც, რომლებიც დანაშაულზე უარესს შეცდომას ჩადიან, მიანიშნონ, რომ დროა გონს მოეგონ“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის