თეა წულუკიანი - ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ

ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნაში მოცემულია არაერთი საქმე, ამ საქმეთა ფაბულები, თარიღებითა და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით, როგორც გახმაურებული, ასევე საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი საქმეები, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა.

„განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საგამოძიებო კომისიამ გააანალიზა მის ხელთ არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, რის შედეგადაც დაადგინა რომ, 2004-2012 წლებში, სახელმწიფო ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების, დაცვა, თვითონვე განზრახ არღვევდნენ ამ უფლებებს, რასაც არაერთი, სრულიად უდანაშაულო პირის სიცოცხლე შეეწირა. ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თითქმის ყველა საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა და მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით.

„პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ან ორგანიზებული მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა, საქმის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელა ან/და განზრახ არასწორად წარმართა გამოძიების პროცესი, რის გამოც, ზოგიერთ საქმეზე დღემდე შეუძლებელია ჭეშმარიტების დადგენა. მკვლელობის ზოგიერთ საქმეზე, რეჟიმმა ვერ მოახერხა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მისთვის სასურველი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდება მოკლულთა მშობლების, ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ უფლებადამცველთა აქტიურობის შედეგად. მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით და უფლებააყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა მშობლებს, მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია