პოლიციელზე ძალადობა არ ფიქსირდება, რაც პროკურატურამაც აღიარა. საქმე „შეკერილია“ თან არც თუ ისე კარგად. ცინიკური ისაა, რომ ვინც ჩემს წამებაში იღებდა მონაწილეობას, სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა საბა სხვიტარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან საკუთარ საბოლოო სიტყვაში მისი საქმის გარშემო დეტალურად ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა სინდისის პატიმრები და რეჟიმის ტყვე პოლიტიკოსები მოვიკითხო. მადლობა ოჯახის წევრებს, მედიას, საზოგადოებას გვერდში დგომისთვის. თქვენ მაძლევთ ძალას შეუპოვარი ვიყო ბრძოლაში.
გადაწყვეტილებები ამ შენობაში არ მიიღება, ამიტომ მიიღეთ ღირსეულად. არ ვაპირებ რეჟიმს დავუჩოქო.
რაც შეეხება ჩემს ბრალს, ოქმში მითითებული გარემოებები სიმართლეს არ ასახავს. უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება ზესტაფონში, ისე რომ არავის არაფერი განუმარტავს. ბრალდება 30 - წამიანი ვიდეოთი სარგებლობს, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. „ქორთიად მერიოტის" ვიდეოში ჩანს როგორ ურტყამენ შავებში ჩაცმული „ტიტუშკები“ ადამიანებს, ეს იყო ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები. მაბრალებენ, რომ ხელჯოხით გადავადგილდებოდი, რაც ნივთმტკიცებად არ აქვთ ამოღებული. შეხვედრაზე ვიყავი „ქორთიარდ მერიოტში" და ჯოხით გადავადგილდებოდი?
მოწმეები მირიან ქავთარაძის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციელები არიან. მათი ჩვენება ვერ ჩაითვლება სანდოდ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყველა მოწმეს ერთი და იგივე შეცდომა აქვს დაშვებული. ასევე მოწმეებს ჩვენებაში დეტალურად აქვთ აღწერილი ჩემი გარეგნობა, ჩემი კეხიანი ცხვირიც არ გამორჩენიათ, მაგრამ სასამართლოში, სადაც წინ ვეჯექი, ვერც ერთმა ამომიცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენებები სხვისი კარნახით არის დაწერილი. თუ დაინახეს, რომ პოლიციელზე ვიძალადე, რატომ არ დამაკავეს ადგილზე? მოწმეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ პოლიციელზე ვიძალადე...
მე გატაცებისა და წამების მსხვერპლი ვარ, რაშიც დაზარალებულად ვარ ცნობილი, თუმცა, არც ერთი მოძალადე დაკავებული არაა... როცა თბილისში ჩამოვედი, განყოფილების მეხუთე სართულზე შემიყვანეს, მომთხოვეს პოლიციელზე ძალადობა მეღიარებინა, თუ არ ვაღიარებდი, მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ნიღბიან ადამიანებს დაუძახეს და უთხრეს, მიხედეთო და გავიდნენ, მირტყამდნენ. პოლიციელები მიხეილ სუჯაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე, ვანო გავაშელიშვილი და ლევან კუნდუხაშვილი შემოვიდნენ, პარკი მომაწოდეს, რადგან გული ამერია.... გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის ოთახში შემიყვანეს, სადაც ერთი კაცი იყო კიდევ, ისევ ცუდად ვიყავი, სასწრაფო მოვითხოვე, მითხრა ოქმისთვის მომეწერა ხელი, უარის შემდეგ, სამი პოლიციელი მაკავებდა და ნიღბიანი მირტყამდა. ამის შემდეგ ისევ იზოლატორში ჩამიყვანეს, სასწრაფოს გამოძახებაზე ისევ უარი მითხრეს. ცინიკური ისაა, რომ ვინც ჩემს წამებაში იღებდა მონაწილეობას სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს.
პოლიციელზე ძალადობა არ ფიქსირდება, რაც პროკურატურამაც აღიარა. საქმე „შეკერილია" თან არც თუ ისე კარგად. სასამართლომ ამ ყველაფრის შემდეგ არ ვიცი, როგორ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა სხვიტარიძემ.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას. თუმცა, მოგვიანებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებას კვალიფიკაცია 120-ე მუხლზე შეუცვალა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამასთან, საბა სხვიტარიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს.