„საქსტატი“ - მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა

2025 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

„2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 17.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე — 24.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 29.1 პროცენტი.

2025 წლის II კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 31.0 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 17.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 44.1 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 55.9 პროცენტი — კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 36.7 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 745.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 284.0 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი). 2025 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 317.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 212.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 783.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 147.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 2 466.9 ლარი;

საშუალო ბიზნესი – 2 741.8 ლარი;

მცირე ბიზნესი – 1 823.3 ლარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ნათქვამია, რომ 2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.1 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 33.0 პროცენტიანი წილით.

„შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8.0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.5 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.7 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

2025 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (19.3 პროცენტი), ვაჭრობა (18.2 პროცენტი), მშენებლობა (16.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.6 პროცენტიანი წილი ეჭირა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2025 წლის II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები.

„შესაბამისად, 29.0, 11.6 და 9.4 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), მშენებლობის (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო