ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს და პროკურორებს - ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით - ჩემი თხოვნაა, ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მიიღებთ მონაწილეობას

მინდა, მივმართო პროკურორებს და თქვენ [მოსამართლე] - ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლოზე განაცხადა, სადაც ის საბოლოო სიტყვით სარგებლობს.

როგორც ანდრო ჭიჭინაძემ აღნიშნა, ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.

„მინდა, მივმართო პროკურორებს და თქვენ [მოსამართლე] ეს ჩემი აზრია, ჩემი სახელით ვლაპარაკობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქვს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას „ჩვენ”, რადგან არ მაქვს ამის უფლება. დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ..

თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა - თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მიიღებთ მონაწილეობას. ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ…

შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ ის, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს [ერთ-ერთი პროკურორი] ეხება, ბატონ ვაჟას [მეორე პროკურორი] მეტად...

ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს",-აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, „არც ერთმა დაზარალებულმა და თვითმხილველმა არ თქვა რომ მისი ქმედებით დაზიანება მიიღო“.

„არც ერთმა დაზარალებულმა თვითმხილველმა არ თქვა, რომ ჩემი ქმედებით დაზიანება კი არა საფრთხე შეექმნა ვინმეს, ასეთი ადამიანი არ არსებობს...ჯგუფურობაზე არაფერს ვიტყვი მოგონილია“,-აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, არასდროს გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და ყველა ვისაც შეეძლო ბოროტად იყენებდა ამ ინსტიტუტს.

„ამის პიკი იყო წინა ხელისუფლება, ამ ხელისუფლებამ კარგად დაიწყო ამ ინსტიტუტის გაჯანსაღება, საბოლოო ჯამში გადასარევად გაგრძელდა იგივე, რაც იქამდე ხდებოდა, დღეს სასამართლოს შეუძლია არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღება...პირველ სამ აღკვეთზე მოსამართლეებმა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომელ მოწმეების ზემოქმედებაზე და დანაშაულის განმეორებაზეა საუბარი? მიმალვა თავიდანვე მოიხსნა, თუმცა სამივე მიზეზი არარელევანტური იქნებოდა... როგორ უნდა მემოქმედა მოწმეებზე, როცა პროკურატურა აკეთებდა ამას...შეიძლება 40 კაცს, რომლებიც აქ იყვნენ და არ იცნობდნენ ერთმანეთს, თეორიულად წარმოგიდგენთ, რომ ერთი და იგივე აზრი მოუვიდეს თავში“,- აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ანდრო ჭიჭინაძემ, სასამართლო პროცესზე მხარდაჭერებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეეცდება მისი ენერგია დადებით საქმეს მიმართოს.

„მინდა მადლობა ვუთხრა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს, თეატრის, კინოს, ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აჩვენებდნენ, სოლიდარობის, პრინციპულობის და გვერდში დგომის მაგალითს.

ამის დავიწყება შეუძლებელია, ჩემი მხრიდან შევეცდები ეს ძალიან დიდი ენერგია, რომლის მიზეზი და წყარო თქვენ ხართ, კარგ და დადებით საქმეს მიემართოს. მადლობა ადვოკატებს, თორნიკეს, ირაკლის, ნათიას და ეკას, რომლებიც ადვოკატების გარდა ჩემი მეგობრები გახდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას და ინსტიტუტებს, ამერიკის დეპარტამენტს, ევროკომისიას, პირდაპირი კავშირისთვის და მხარდაჭერისთვის, ასევე განსაკუთრებული მადლობა ევროპის კინოაკადემიას. მადლობა ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს და ყველას ვისაც ეს მადლობა ეკუთვნის“,- აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მან პროტესტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქის პროტესტი ხელისუფლების მიმართ, უკეთესის სურვილით არის განპირობებული. მისივე თქმით, სურვილს და სხვისი წუხილის გაზიარებას სოლიდარობა ეწოდება, რომელიც ყველაზე ადამიანური ჟესტია, რაც შეიძლება ჩაიდინო.

„მოდი ახლა გადავიდეთ საქმეზე...ზოგადად, კრიტიკული აზროვნება დემოკრატიის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

პირველ რიგში, ალბათ უნდა დავიწყოთ პროტესტით, რა არის ეს პროტესტი? რატომ შეიძლება გაჩნდეს საკუთარ თავთან, ან სხვისთვის უკეთესი სურვილით. მესმის უფრო რთულ ცნებაზე ვლაპარაკობთ, თუმცა კონტექსტი რადგან ყველასთვის გასაგებია, აზრის გაგება და მიღება მგონია, რომ რთული არ იქნება. მოქალაქის პროტესტი ხელისუფლების მიმართ უკეთესი სურვილით არის განპირობებული. სურვილს და სხვისი წუხილის გაზიარებას სოლიდარობა ეწოდება, რომელიც ყველაზე ადამიანური ჟესტია, რაც შეიძლება ჩაიდინოს.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, 12 წლის ასაკში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის პერიოდში, ერთ-ერთი მიზეზი და გაურკვევლობა უკავშირდებოდა იმას, თუ რატომ არ ისჯებოდნენ ის ადამიანები, ვინც დამნაშავეები იყვნენ და მეორე იყო, რატომ ვერ გამოხატავდა ხალხი პროტესტს იმ დოზით და ფორმით, როგორც ეს უნდოდათ? რატომ შეიძლება რაღაცის თქმა გინდოდეს და ვერ ამბობდე? ამას აქვს მარტივი პასუხი და ჰქვია შიში, მთავარი მიზეზი იყო შიში. ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს, რომ რაიმეს თქმა თუ მომინდებოდა, ვიტყოდი. ანუ ჩემ სიმართლეს ვილაპარაკებდი ყველგან და ყოველთვის. რა თქმა უნდა, ბევრჯერ დავმარცხდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტჯერ გავიმარჯვე“,- აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, 28 ნოემბერს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დეკლარირებულად გადაუხვია კონსტიტუციას და შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რაზეც ძალიან ბუნებრივად ჰქონდა ხალხს უარყოფითი რეაქცია.

„მთავრობაში ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ და უნგრევენ მომავალ თაობას მომავალს, რომელიც სამართლიანობით და კეთილდღეობით იქნება გამყარებული. ვკითხოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელმა დათმო სუვერენიტეტი? - ნულმა....

28-ში განცხადება მოვისმინე, ისე რომ არავისთვის მითქვამს წავედი რუსთაველზე, სადაც სპონტანურად შეიკრიბა ათასობით კაცი, რომელთაც აერთიანებდათ უსამართლობის შეგრძნება და სწორედ ეს შეგრძნება იყო ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი.. ძალიან ცოტა რამეზე ვართ ერი შეთანხმებული, შეთანხმებული ვართ, რომ ეს გზა გვიყვარს.

200-300 ნაცნობი მაინც შემხვდა, ძირითადად პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, იქ იყო ყველა სფეროს წარმომადგენელი. როგორც 28-ში, ისე შემდეგ დღეებში ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი.

არავინ იცის რა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს გვედავებიან, რომელი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტია ეს და საერთოდ რა სტანდარტია, რასთანაც გვაქვს საქმე?

აქციაზე დაახლოებით 8-9 საათისთვის მივედი და 4 საათში დაიწყო დაპირისპირება... მოგვიანებით გადავინაცვლეთ ოპერასთან, სამი საათისთვის დავიშალეთ და წავედით მშვიდობიანად.

მოვიდა ჩემი საკრალური 29 ნოემბერი, ზუსტად იმავენაირად მშვიდობიანად. მე და ჩემი მეგობრები პირველი სკოლის ტერიტორიაზე მივედით, სამ - ოთხ საათში ისევ დაიძაბა ვითარება. იქ ვიგებ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ჭიჭინაძის ქუჩაზე იყვნენ და ისე რომ არავის არაფერს ვეუბნები, ავდივარ იქ, რომ გამოვიყვანო...

ვსაუბრობ ჯიუტ ადამიანზე, რომელიც არ გამომყვა.. ამ დროს პოლიციის მხრიდან მოფრინავს „სარაჯიშვილის“ შუშის ბოთლი, რომელიც მხვდება ფეხზე, ეს დიდ გაღიზიანებას იწვევს, რომ გავიხედე იმ მიმართულებით, საიდანაც ბოთლი „გამოფრინდა“, დავინახე, რომ ოთხი ადამიანი ჟესტიკულაციით იგინებოდა და გამოხატავდა დიდ აგრესიას. სიმართლე გითხრათ ვერ დავიჯერე, უკან ვიხედებოდი, ჩემი მიმართულებით ხდებოდა, ვერ დავიჯერე, რომ ჩემი მიმართულებით იყო.. ცოტა მივუახლოვდი, გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია.. ეს ხდება ზუსტად იმ ვიდეოებში, რომელიც წარმოდგენილი იყო და ეს ნაწილი არის მოჭრილი და გაგრძელებაა წარმოდგენილი...

მეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, იქვე ეგდო საგანი, რომელიც მოვიშორე ისე, რომ პოლიციელებს არავის საფრთხე არ შექმნია, ეს მოგრძო საგანი იყო მსუბუქი, მაქსიმუმ გული სტკენოდათ ჩემგან იმის გამო, რაც ვუთხარი..." - აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.

მან მისი დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, სახლში არაფერი გაჩხრიკეს, ასევე თავიდან ადვოკატზე უარი უთხრეს.

„5 დეკემბერს, დაკავების დღეს ადრე იმიტომ გავიღვიძე, რომ „ფრანს 24-თან“ მქონდა ინტერვიუ და ინგლისურ ტექსტს ვამზადებდი. ქართულ ტელევიზიებთან ინტერვიუებიც მქონდა, სადაც ვამბობ, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი იმის მიუხედავად, პოლიციელები როგორც იქცევიან და რასაც აკეთებენ..

ინტერვიუს დამთავრებისთანავე კარზე კაკუნია, მეუბნებიან, რომ სოციალურ გამოკითხვას ატარებენ და შემომიშვან, არც გამიხედია ჭუჭრუტანაში. მამა იყო სახლში. 6-7 ადამიანი შემოვიდა, ბრალდება უნდა გაგაცნოთო, ზრდილობიანად იქცეოდნენ...

კამერა მოვა ახლა, 40 წუთში და ერთ საათშიო. გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც თითქოს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდა, მეუბნება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში გედება ბრალიო... აქციებზე ხომ დადიხარო, პოლიციელები დაზიანდნენო... კი მაგრამ მე რა შუაში ვარ - მეთქი, ამოვა უფროსი და გეტყვისო. ხელის მოწერა მთხოვეს სხვადასხვა საბუთზე, რაზეც უარს ვეუბნებოდი. პირველი მკითხა რამე დაზიანება ხომ არ გაქვს მიღებულიო...კაჭკაჭიშვილი მეუბნება ზედმეტად მშვიდად დაგვხვდი და მართლა რამე ხომ არ გაქვს ჩადენილი, რომ უნდა დაგიჭიროთო. მშვიდი ადამიანი ვარ - მეთქი, ზოგადად, გაღიზიანდა ამაზე, რატომ დადიოდი აქციებზეო... მეთქი დავილაპარაკოთ, მაგრამ აირიდა ეს დიალოგიც, თუმცა მაინც ზრდილობიანად იქცეოდნენ...

სახლში არაფერი გაჩხრიკეს. ტელეფონი წაიღეს მარტო, იქ ლეპტოპიც იდო და არ უნახავთ, ვერ ვხვდები, თუ ასეთ დანაშაულში გედება ბრალი, სახლი რატომ არ უნდა გაჩხრიკო.

თავიდან ადვოკატზე უარი მითხრეს. ხუმრობით ვუთხარი კინოში როცა უარს ეუბნებიან, სულ არასწორები არიან და აქ როგორაა -მეთქი, დარეკეო ამის შემდეგ და დარეკეს... ერთი საათი ველოდით კამერას, ვუთხარი - დედაჩემი აპირებს მოსვლას და ჯობია მალე წავიდეთ, თორემ მეც და თქვენც ერთად მოგვიწევს აქედან გაქცევა-მეთქი...

წამიყვანეს განყოფილებაში, ზრდილობიანად იქცეოდნენ, გადამიყვანეს „კაპეზეზე“ და იქ გავიცანი ადვოკატები, რომლებიც თავადაც გაურკვევლობაში იყვნენ და ორ დღეში დაინიშნა პროცესი",- აღნიშნა ჭიჭინაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო