ირაკლი ქერაშვილი - იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ბოროტებას სჩადის, მომავალში სავარაუდოდ, გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ მე კეთილსინდისიერად განვახორციელებ პროფესიულ ვალდებულებას

მადლობა ჩვენს ადვოკატებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად და ვფიქრობ, დაამტკიცეს - თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, როგორც სასამართლო, ისე მედია, ადამიანის უფლებებთან ერთად, დემოკრატიის ფუნდამენტს წარმოადგენს, თუმცა აქ სამართალს ვეღარ ვხედავ, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი ქერაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

როგორც ქერაშვილმა აღნიშნა, მას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს, „არა იმიტომ რომ დამნაშავე ვარ, არამედ მაქვს განცდა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, თუმცა, იმედს არ ვკარგავთ”.

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენელი გახლავართ, ყოველთვის უდიდესი კრძალვითა და პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული თქვენი პროფესიისადმი და სასამართლოს, როგორც ინსტიტუციისადმი, ვინაიდან თქვენს ხელშია ჯანმრთელი ადამიანის თავისუფლება. ჩემი ღრმა რწმენით, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, როგორც სასამართლო, ისე მედია, ადამიანის უფლებებთან ერთად, დემოკრატიის ფუნდამენტს წარმოადგენს.

თუმცა აქ სამართალს ვეღარ ვხედავ..

სწორედ აღნიშნული ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გამო ვისჯებით და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებით აგერ უკვე, 9 თვეა.

იმედი მაქვს, თქვენც იაზრებთ, რომ სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და თავისუფლება მოსამართლისთვის ფუნდამენტია და მათი არ ქონის შემთხვევაში, მოსამართლეს ერთი ნაბიჯი აშორებს ღრმად პატივსაცემი პროფესიიდან ჯალათობამდე.

სამწუხაროდ, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ მაქვს, არა იმიტომ რომ დამნაშავე ვარ, არამედ მაქვს განცდა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, თუმცა, იმედს არ ვკარგავთ.

მინდა მივმართო რეჟიმს, იმის მიუხედავად, რომ ცდილობთ ციხის 4 კედლით შეგეშინებინეთ, თქვენდა სამწუხაროდ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ მაღალი IQ-ს მქონე პირი ვარ. ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან, განვმარტავ, IQ - ნიშნავს ადაპტიურობის ინტელექტს”,- განაცხადა ქერაშვილმა.

მისივე თქმით, „იმისდა მიუხედავად, რომ პროკურატურა ჩვენს მიმართ ბოროტებას სჩადის, მომავალში სავარაუდოდ გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ მე მოგიტევებთ დანაშაულს და კეთილსინდისიერად განვახორციელებ პროფესიულ ვალდებულებას”.

ქერაშვილმა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას, მადლობა გადაუხადა მისი ოჯახის წევრებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც უდიდეს მხნეობას მანიჭებს, განსაკუთრებით ჩემს დას მინდა გადავუხადო მადლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად და ვფიქრობ, დაამტკიცეს.

მინდა სიძლიერე და შემართება შეინარჩუნოს ჩემმა ოჯახმა, დამ, მეუღლემ, მოგიწოდებთ ბოლომდე იბრძოლეთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი ქვეყნისაა”,- აღნიშნა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება