სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ოცნების“ რეპრესიულ მექანიზმს - ასეთი გადაწყვეტილებები ვერ ჩაახშობენ თავისუფლების მოყვარე მოქალაქეების ხმას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.
თავაძის განცხადებით, „რეჟიმი მოქალაქეებს პოლიტიკურ ნიშნით დევნის“.
„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ოცნების“ რეპრესიულ მექანიზმს. რეჟიმი პოლიტიკურ ნიშნით დევნის მოქალაქეებს და სასამართლო ხელისუფლებას იყენებს პოლიტიკურად მოტივირებული დასჯის და დაშინების იარაღად.
მაშინ, როდესაც მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სიმართლეს, ემსახურება რამდენიმე კორუმპირებულ ადამიანს.
ჩემი სოლიდარობა მტკიცეა ყველა პოლიტპატიმრის მიმართ და მათი გათავისუფლება რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტად.
ასეთი გადაწყვეტილებები ვერ ჩაახშობენ თავისუფლების მოყვარე მოქალაქეების ხმას.
ჩვენ ვდგავართ სიმართლის, ქვეყნისა და პოლიტპატიმრების გვერდით, შესაბამისად, ჭეშმარიტების მხარეს!
მურუსიძე-ჩინჩალაძის კორუფციულ სინდიკატს და მათ მიერ მართულ ჯალათ მოსამართლეებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობა დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე!“- წერს თავაძე.
ცნობისთვის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გალუსტაშვილის განმარტებით, დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.