სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გვითხრეს ის, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ! ,- ასე აფასებს “ინტერპრესნიუსთან” მსახიობი ნატა მურვანიძე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც შოკისმომგვრელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ელოდნენ.
“მე ვფიქრობ, რომ მათთვის ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას [გამამტყუნებელს] ველოდით. უბრალოდ, ჩვენ ამდენი ხანი, მაინც ვფიქრობდით, მათ შერჩათ ღირსება იმისთვის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღოთ. პრინციპში, მათ ვაცალეთ, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინათ კარგად, უკეთესად, რაღაცით მაინც დაბალანსებულიყო, თორემ ამას მაინც ველოდით. მიუხედავად ამის, მაინც შოკი იყო. სასამართლო დარბაზში ვერ შევედი და გარეთ ვიყავი, როდესაც გადაწყვეტილება გამოცხადდა, ალბათ 10 წუთი სამარისებური სიჩუმე იყო და მერე დაიწყო შეძახილები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველამ იცოდა, რა მოხდებოდა ალბათ ყველას მაინც უნდოდა ის, რომ რაღაც არსებობდეს ამ ქვეყანაში, რასაც მოეჭიდები და სიმართლის ნაპერწკალი იყოს, სამწუხაროდ, ეს არ არის. გვითხრეს ის, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება დღეს მე ისეთი რამ დამაბრალონ და გამასამართლონ, რომ თავის მართლებასაც აზრი არ აქვს, რადგან იწელება ეს ყველაფერი. ამიტომ, სჯობს თავიდანვე ადვოკატების და ყველაფრის გარეშე თქვან, რომ შენ, 2 წელი მჭირდები ციხეში, მორჩა, არ მინდა ქუჩაში რომ დადიოდე, არ მინდა ისუნთქო! ასე მშვიდად შეუძლიათ ეს გააკეთონ”, - განაცხადა ნატა მურვანიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მსჯავრდებულებს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.