სოფო ხორგუანი - წარმოიდგინეთ, ოპოზიციიდან 61 მოლაპარაკე თავი რას იზამდა პარლამენტში „ზარქუების“ წინააღმდეგ, ხომ ჩამოვიდოდნენ დელეგაციები ჩვენთან სასაუბროდ? - მთავარი შეცდომაა ის, რომ გვგონია, „ოცნებას“ იზოლაციით დავსჯით

მე პირადად ვაპირებ, რომ გავხდე ავლაბრის მაჟორიტარი, დღეს ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ხორგუანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას და იმ სადეპუტატო მანდატის შესრულებას, რომლის უფლებამოსილებაც პარლამენტმა 2 სექტემბერს ცნო.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან სამარცხვინო იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, როცა პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფი პარტია პროცედურულად დასაჯა და 12 დეპუტატი უფლებამოსილების გარეშე დატოვა.

„დეპუტატის სტატუსს“ რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, არანაირ განსხვავებას არ ვგრძნობ. ორი დღის წინ როგორც ვგრძნობდი თავს, ზუსტად ისე ვგრძნობ. კი, ვიცი, რაღაც ტიპის იმუნიტეტი ვრცელდება ჩემზე, იოლად დაჭერის შესაძლებლობა რომ არ არსებობს, მაგრამ, რომ გითხრათ, რომ რაიმე განსხვავებული შეგრძნება მაქვს-მეთქი, ამას ნამდვილად არ ვგრძნობ, არაფერი არ შეცვლილა ჩემთვის. რაც შეეხება პარტიის პოზიციას, ჩვენ ვართ პოლიტიკურ ბოიკოტში. დიახ, ძალიან სამარცხვინო იყო „ქართული ოცნების“ ის გადაწყვეტილება, როცა პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფი პარტია პროცედურულად დასაჯა და 12 დეპუტატი უფლებამოსილების გარეშე დატოვა. სიის 12 ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობაც უბრალო პროცედურული საკითხი იყო.

რაც შეეხება იმას, მე რას ვაპირებ? - შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ვარ წარდგენილი სამაჟორიტარო ოლქში, რაც ავლაბარს, ისანსა მეტრომშენს მოიცავს. სრული სერიოზულობით, მონდომებით ვაპირებ ამ საარჩევნო კამპანიაში ყოფნას. არ დავაკლებ მცდელობას, ენერგიას, შესაძლებლობას, რომ ეს გამარჯვება მოვიპოვო. ეს არის ჩემი მიზანი.

[რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი ეს იყო შეცდომა], როცა გიორგი გახარია ლაპარაკობდა შეცდომაზე, აქ არ იგულისხმებდა მარტო ჩვენს შეცდომას. ეს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად, იმიტომ, რომ ჩვენ მანდატები შევინარჩუნეთ. ეს იყო მთელი პოლიტიკური სპექტრის შეცდომა. წარმოიდგინეთ 61 მოლაპარაკე თავი. იცით, ხომ ყველა პარტიიდან სიის პირველი ათეულები შევიდნენ. ყველა გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, განათლება აქვთ, პოლიტიკური გამოცდილება - ასეთი 61 ადამიანი პარლამენტში და იქით კოლექტიური ზარქუები. წარმოიდგინეთ მათი პაექრობა ამ პირობებში. ვფიქრობ, შესაძლებელი იქნებოდა, „ქართულ ოცნებას“ თავისი მიზნისთვის იზოლაციაში რომ აქცევს ქვეყანას, ვერ მიეღწია. ეს შესაძლებლობა არსებობდა. წარმოვიდგინე 61 ასეთი ადამიანი და ამ პირობებში როგორ ექნებოდა „ქართულ ოცნებას“ იზოლაციის შესაძლებლობა. ხომ ჩამოვიდოდნენ დელეგაციები ჩვენთან სალაპარაკოდ?! საქართველოს სახელით ხომ უფრო მეტი ადამიანი შეძლებდა დასავლეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ლაპარაკს?! მთავარი შეცდომა იცით რა არის? - ჩვენ გვგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ იზოლაციით დავსჯით. შეუძლებელია, დასაჯო იმით, რისკენაც მიისწრაფვის.

მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც ქართველ პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად გვაკლია, არის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ გადაწყვეტილებებზე, საკუთარი შეცდომების აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ინფანტილიზმი ეს არის ბავშვების ჩვევა - არასდროს თვითონ დამნაშავე არაა, ყოველთვის სადღაც „ბუა“ არსებობს. კარგია, როდესაც პოლიტიკოსები ვსწავლობთ იმას, რომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ჩვენი საკუთარი შეცდომები ვაღიაროთ, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ, პოლიტიკოსებს გვმართებს, ვიმოქმედოთ ამ მოცემულ რეალობაში. დღეს ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში და მთელი აქცენტი მე პირადად, მაქვს თბილისში საარჩევნო კამპანიაზე. ხვალ ვიწყებთ ოფიციალურად საარჩევნო კამპანიას. მე პირადად ვაპირებ, რომ გავხდე ავლაბრის მაჟორიტარი. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. სხვაზე არაფერზე არ ვფიქრობ. მინდა ავლაბარში გავხდე დეპუტატი“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.

გადაცემაში სტუმრობისას ხორგუანი მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა. მან გუშინ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის გახსნისას მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ეს არის პასუხი მოძალადე ხელისუფლების მოქმედებებზე“.

„ის, რასაც ახლა გარეთ ვხედავთ, მიუხედავად იმისა, შეიძლება მე და თქვენ არ მოგვეწონოს პროტესტში მყოფი საზოგადოების კონკრეტული ფორმები, მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, საზოგადოების მხრიდან, ეს არის საპასუხო რეაქცია მოძალადე ხელისუფლების მოქმედებაზე. პასუხი უკვე ნიშნავს, რომ ეს შენი რეაქციაა პირველი პირის მიერ გაკეთებულ ძალადობრივ, არასწორ ნაბიჯზე. მთავარი პასუხისმგებლობა მაინც არის ხელისუფლებაზე. მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვწონს ვიღაცის გამოხატვის ფორმები თუ არა, ეს არის ფაქტი. ამას არაფერი შეცვლის. რადიკალიზაცია ეს არის ის, რაზეც პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. კი, შეიძლება ოპოზიციაში ვიღაც ამ გზას ირჩევს, მაგრამ მთავარი შემოქმედი არის „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ არის ის, ვისაც სჭირდება ამ ტიპის რადიკალიზაცია. უკვე ძალიან საშიშ ზღვარზე მივიდნენ. ძალიან საშიში ვითარებაა“, - განაცხადა ხორგუანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო