„ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატის, თამარ აბესაძის ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე, როგორც მეიჯარე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ტიბუას ტვინის შერყევა აღენიშნება, ამასთან დაშავებულია დაცვის თანამშრომელი.
„მესაკუთრე ტიბუასგან იჯარით იყო გადაცემული „ქვევრი“ ლაშა ბასლანძისთვის. ვინაიდან არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული თანხის ანაზღაურება, ამასთან საბანკო ვალდებულებით იყო ნაყიდი აღნიშნული რესტორანი ტიბუას მიერ, ხელშეკრულება შეუწყვიტა ლაშა ბასლანძეს, დაატოვებინა ფართი, ვინაიდან არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს როგორც მეიჯარე. ამან გამოიწვია განაწყენება და მოახდინა თავდასხმა შუაგულ რესტორანში. დაცვის თანამშრომელს აქვს დაზიანება, თავად ტიბუას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.
ლაშა ბასლანძემ წინასწარ დაურეკა ტიბუას, მივიდა რესტორანში. მას ხელშეკრულება არ ჰქონდა, ყველაფერი გაუქმებული ჰქონდა, პირდაპირ მიეჭრა რესტორანში, ის იყო შეიარაღებული. ახლა ამბობენ, რომ პნევმატური იარაღი იყოო. იარაღის დემონსტრირებით დაესხა თავს რესტორნის მესაკუთრეს. ატყდა ჩხუბი, იყო გასროლა. დაზიანდნენ ადამიანები. შალვა ტიბუა გამოიკითხა, ახლა ვიდეოკამერები უნდა წარვუდგინოთ, სადაც ჩანს რა მოხდა“,- აღნიშნავს ადვოკატი.
ცნობისთვის, გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.