პოლიტიკური ნიშნით დევნაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს საქმის განმხილველი მოსამართლე შეეცვალა

პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს საქმის განმხილველი მოსამართლე შეეცვალა და შესაძლოა, საქმის განხილვა ხელახლა დაიწყოს.

ელისაშვილის საქმე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას ჰქონდა, ახლა კი მის განხილვას გიორგი გელაშვილი დაიწყებს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის საქმის ხელახლა განხილვის დაწყებას არ დაეთანხმება, ვინაიდან მოწმეებს "მის სასარგებლოდ აქვთ ჩვენებები მიცემული".

"ყველა მოწმე, რომელიც საქმეშია, პროკურატურისაა და ერთი ვიდეოა საქმეში, სადაც ხმა არ ისმის. იმ მოწმეებმა, რომლებიც პროკურატურამ მოიყვანა და რომელთაც წესით, ჩემს საწინააღმდეგოდ და მათ სასარგებლო ჩვენება უნდა მიეცათ, აბსოლუტურად ჩემი სასარგებლო ჩვენება მისცეს. ორივე მოწმე ამბობს, რომ არც ეს კაცი ვიცით ვინაა და არც მეორე, არც არანაირი პოლიტიკური ნიშანი იქ არ მოგვისმენიაო. რაც მთავარია, ბიჭმა, რომელიც ფანჯრებს წმენდდა, 12-მეტრიანი რკინა მეჭირა, საწმენდი, რომელიც წარმართვა არა ალეკო ელისაშვილმაო, არამედ მეორემ, რა ქვია იმას, ალი ბაბაევმაო. ალი ბაბაევი და ჯანდაბა მას, გაეკიდა და ამას მოუქნიაო, ჩემზე მიუთითა. ჩემი პოზიცია გაამყარა, ის დამესხა ძალიან საშიშად თავს, უბრალოდ ავიცილე და არ მომხვდა ის რკინის ჯოხი. ჩემი პოზიცია გამყარდა და ყველაფერი ამოუყირავდათ, სინამდვილეში ის არის დასაჭერი და არა მე. მერე უცებ მოსამართლე შეცვალეს და ყველაფერი თავიდან დაიწყეს, თავიდან მოუწევთ მოწმეების დაკითხვა, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნებით, საბავშვო ბაღი ხომ არაა? რადგან მათ საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს, 5-5-ჯერ ხომ არ უნდა დაკითხონ?",- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო