ვიდეო კადრებს რაც შეეხება, არაფერს ვმალავთ, ნებისმიერ დროს შემიძლია გასაჯაროება - იარაღის აღების მომენტი არცერთ კადრში არ ჩანს, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან თორნიკე რიჟვაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კადრები საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.
„არაფერს ვმალავთ, ნებისმიერ დროს შემიძლია კადრების გასაჯაროება, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი, არ მინდა ჩემი მხრიდან რაიმე სახით ზემოქმედებად ჩაითვალოს. კადრებშიც იგივეა, რაზეც ვსაუბრობდით. [იარაღის] აღების მომენტი არცერთ კადრში არ ჩანს, უბრალოდ, რომ გამოდის საძინებელი ოთახიდან შედის მეორე ოთახში, სადაც ახვლედიანის იარაღი ინახებოდა. ეს ოთახი კი ფანჩატური არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ოთახი, კაპიტალურად გაკეთებული. ყველა ოთახს კი საკუთარი შესასვლელი კარები აქვს.
ბუნდოვანი კადრებია, წუთი-წუთზე ემთხვევა ალექსი ახვლედიანის ნათქვამს, რომ იქ არავინ არ არის, რომ დაურეკა და შევიდა“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის წინა სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. ადვოკატმა მოსამართლეს ალექსი ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი, 17 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.
ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.