ლევან ცუცქირიძე კახა კალაძის შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე - თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და თავის გემოზე რომ გაუსწორდნენ, მერე გამოვიდა პოლიცია

პოლიციის თვალწინ მოძალადეების ბრბო ადამიანებს სასიკვდილოდ ურტყამენ და პოლიცია არაფერს აკეთებს, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

როგორ ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პოლიცია მოძალადეებს ხელს აფარებს და „ქართული ოცნება“ ამას შეგნებულად აკეთებს.

„დაპირისპირების რისკებს ქმნის ის საქციელი, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა საქართველოში. მოდიოდა აქცია, წინასწარ მომზადებული, პოლიცია, როგორც ჩანს, არ იყო ადგილზე, თუმცა სხვა დროს, როდესაც სჭირდებათ - ხოლმე ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებენ. თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და თავის გემოზე რომ გაუსწორდნენ, მერე გამოვიდა პოლიცია. უსამართლობა ყოველთვის წარმოშობს რეაქციას. უსამართლობას არ შევეგუებით. უსამართლო საქციელია ადამიანების დატყვევება, ადამიანებზე ფიზიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა.

მოსაზრება კი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ ამას შეგნებულად აკეთებს, როცა პოლიცია ხელს აფარებს[მოძალადეებს], ეს არის უკვე ფაქტი, რომელიც ყველამ ვნახეთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. პოლიციის თვალწინ მოძალადეების ბრბო ადამიანებს სასიკვდილოდ ურტყამენ და პოლიცია არაფერს აკეთებს. ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც პოლიციას უნდოდა „ქართულ ოცნების“ კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რამხელა ძალისხმევას დებდნენ.

ესენი არ არიან სამართალდამცველები, როგორც მათ უწოდებენ, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიცია. შიგნით ალბათ არიან წესიერი ადამიანები, მაგრამ წესიერმა ადამიანებმა თვალი უნდა გაახილონ და ხმა უნდა ამოიღონ შიგნით მაინც. ცოტა უფრო კარგად შეასრულონ მათზე დაკისრებული საქმე და ცუდად შეასრულონ ის, რაც არ არის მათი საქმე, „ტიტუშკების" მფარველობა“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო