ჰელსინკის კომისია საქართველოს არ აღიქვამს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას - მათი გადმოსახედიდან საქართველო ან ჩინეთის მონა უნდა იყოს, ან ამერიკის - მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ ისინი, თავიანთი გადმოსახედიდან, უპირატესობას ანიჭებენ, რომ საქართველო იყოს ამერიკის მონა, ვიდრე ჩინეთის მონა, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაზე გუშინდელი მოსმენა შეაფასა.
მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია ვერ იაზრებს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და "მას ჩინეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ამერიკასთანაც, ევროკავშირთანაც და ყველა ნორმალურ ქვეყანასთან".
"ჰელსინკის კომისიაზე გამოჩნდა, რომ ეს ორგანიზაცია არის "დიფ სთეითის" შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი. მის გადაწყვეტილებებში ყოველთვის ჩანს, რომ საქართველოს არ აღიქვამს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. ის უსამართლოდ აკრიტიკებს და პრაქტიკულად, უგულებელყოფს ევროპის ინსტიტუტების იმ კვლევებს, რომელიც პირიქით, პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობებს - აქაც ტრაგიკომიკურია ყველაფერი. ის, რომ ჩინეთთან ურთიერთობას უპირატესობას ანიჭებს თავად შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი ტრამპი მის განცხადებებში და ვიზიტებში ჩანს პირდაპირ. პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, შეერთებულ შტატებს აქვს პრიორიტეტი, რომ ჩინეთთან დაალაგოს ურთიერთობები. ასევე ევროკავშირი, რომლის დელეგაცია იყო ჩასული ჩინეთში, გააფორმეს ხელშეკრულებები, მათ შორის, შვეიცარიამ სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა. ამ აგენტებს, ვინც მიიწვია ჰელსინკის კომისიაში, საქართველო ვერ წარმოუდგენიათ დამოუკიდებელ ქვეყნად. მათი გადმოსახედიდან საქართველო ან ჩინეთის მონა უნდა იყოს ან ამერიკის. მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ ისინი, თავიანთი გადმოსახედიდან, უპირატესობას ანიჭებენ, რომ საქართველო იყოს ამერიკის მონა, ვიდრე ჩინეთის მონა. ეს არის მათი მენტალიტეტი. ვერ აზროვნებენ სხვანაირად, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და დამოუკიდებელ ქვეყანას ჩინეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ამერიკასთანაც, ევროკავშირთანაც და ყველა ნორმალურ ქვეყანასთან," - განაცხადა მაჭარაშვილმა.