ფოფხაძის განცხადებაზე აღშფოთებაც არ შემიძლია გამოვხატო, იმიტომ რომ დეგრადირების ასეთ დონეზე მყოფი ადამიანის მიმართ საცოდაობის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა - რომ დამესიზმროს, ჩემს ოპონენტს ბენზინი მივასხი და ცეცხლი წავუკიდე, ალბათ, პირველი რასაც გავაკეთებ, წავალ და მოძღვართან მივალ და ამის შესახებ ვეტყვი, არა თუ ხმამაღლა წარმოვთქვა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ მმართველი პარტიის წევრების ფიზიკური განადგურება არ ეწყინება.
მისი თქმით, ფოფხაძის ეს განცხადება არა მხოლოდ საცოდაობა, არამედ ძალიან საშიშიცაა, რადგან ამას ახალგაზრდებიც უსმენენ.
"მე, სამწუხაროდ, მოვისმინე [ფოფხაძის განცხადება] და აღშფოთებაც არ შემიძლია გამოვხატო, იმიტომ რომ დეგრადირების ასეთ დონეზე მყოფი ადამიანის მიმართ საცოდაობის მეტი არაფერი შემიძლია ვთქვა. ასეთი ადამიანები არიან საცოდავები. როგორ შეიძლება ასეთი განწყობა გქონდეს. ერთხელ რომ დამესიზმროს, ჩემს ოპონენტს მივასხი ბენზინი და ცეცხლი წავუკიდე, ალბათ, პირველი რასაც გავაკეთებ, წავალ და მოძღვართან მივალ და ვეტყვი რომ ეს დამესიზმრა, არა თუ ხმამაღლა წარმოვთქვა. რა დონის დეგრადირებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე ყველამ კარგად დაინახა. საცოდაობაა ის, რომ ამ დონეზე დაეცა ადამიანი, თორემ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საშიში მოვლენაა. ამას უამრავი ახალგაზრდა ისმენს და როდესაც მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ასე ღიად ლაპარაკობს, რომ ასეთი ფორმა ოპონენტებისადმი მისაღებია, მათ შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ძალიან მისაღები ფორმაა და გააკეთონ," - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ნეპალში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების კონტექსტში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნეპალის წინაპირობებს „ქართული ოცნება“ ქმნის“ და არა ოპოზიცია.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" არც ერთი წევრის ფიზიკური განადგურება არ ეწყინება.
"პუტინს უნდა ემსახურონ, მერე კი, ჩვენ ნეპალით შეგვაშინონ? გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება," - განაცხადა ფოფხაძემ.