ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქიდან ერთი, ტრაილერის მძღოლი, მიხაილო სკრუბსკი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
როგორც სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობი იყო, თუ რა ნივთიერება მოჰქონდა მას.
„სატვირთო მანქანა ჰყავდა, ორმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირმა მას სთხოვა, რაღაც ნივთების გადატანა, კონკრეტულად რა იყო შიგნით, მისთვის უცნობი იყო. უთხრეს, რომ აქ დახვდებოდა პირი, რომელიც ამ ნივთებს წაიღებდა. სწორედ ამ ნივთების გადაცემის დროს იქნა ორივე პირი დაკავებული. აღიარებს, რომ არ ვიცოდი რა იყო, არ უნდა წამომეღოო. მათ არ ვიცნობდი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდნენ, პირადობის წარმოდგენის შემდეგ, გამომატანესო, მან არაფერი იცოდა“, - განაცხადა ბარბაქაძემ.
როგორც ის აღნიშნავს, მძღოლს ნივთები ბათუმში ერთ-ერთი პირისთვის უნდა გადაეცა, რა დროსაც დააკავეს.
„ბათუმში უნდა დახვედროდა პიროვნება, რომელიც წაიღებდა ამ ნივთებს, მეტი არ იცის. ის ტრანზიტული მძღოლია, ხშირად უწევს ჩამოსვლა, გარკვეული საგნები ჩამოაქვს და უკან ბრუნდება. არანაირ თანხაზე არ ყოფილა საუბარი. მეორე პირი, როგორც ვიცი, დუმილის უფლებით სარგებლობს“, - განაცხადა ბარბაქაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორ მოქალაქე გუშინ დააკავა.
დაკავებულებს ბრალდება 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; ერთ პირს ასევე ბრალდება 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.