არსებული ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც დაკავების შემდეგ კლინიკა „ჰელსიკორში“ იყო მოთავსებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე აცხადებს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, სადაც იმყოფება დაკავებული ყოფილი მინისტრი და რომელსაც ბრალს დღეს წარუდგენენ.

„რატომ გაჭიანურდა ბრალის წარდგენა, ვერ გეტყვით, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, მათ 48 საათი ვადა აქვთ და ამ ვადაში ჩაეტიონ, მთავარი ეს არის. ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია არ შეცვლილა, ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. ბრალის დადგენილებას გაგვაცნობენ, დანარჩენ მასალებსაც გავეცნობით, გავერკვევით, კონკრეტულად, რას გვედავებიან“,- განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

თუ რას უკავშირებს მის დაკავებას ჯუანშერ ბურჭულაძე, ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ ამაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

„ჯერ ამაზე პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, სჭირდება გარკვეული დრო“,- განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

რაც შეეხება ბრალდებას, რომლის თანახმად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ესპანეთში სახლი შეიძინა და დეკლარაციაში არ აღნიშნა, ადვოკატის თქმით, ამ სახლის წარმომავლობის დასაბუთება პრობლემაა არ წარმოადგენს.

„სახლთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მაშინ [ჯუანშერ ბურჭულაძე] მუშაობდა საჯარო სამსახურში, მის ოჯახის წევრებს ჰქონდათ სხვადასხვა დროს უძრავი ქონება. ესპანეთში შეძენილი სახლის ბუნებრივი წარმომავლობის დასაბუთება ჩვენგან არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, ამაზე განმარტებებიც გვაქვს მიცემული და მტკიცებულებებიც გვაქვს წარდგენილი. ჩვენ წარვუდგინეთ გამოძიებას მტკიცებულება იმისა, რომ სხვა უძრავი ქონებები გააჩნია, რომლის გასხვისება მოხდა, შემოსავლები გააჩნია“,- განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება