კახა კალაძე - მძიმე ფაქტია, როცა შენს თანაგუნდელს აკავებენ მაშინ, როდესაც ქვეყანას დანის პირზე სიარული მოუწია - თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყველაფერი გადადო და იცით, როგორ ებრძვის ბოროტებას, რომელიც საქართველოს ებრძვის

მძიმე ფაქტია, როდესაც შენს თანაგუნდელს აკავებენ მაშინ, როდესაც ქვეყანას დანის პირზე სიარული მოუწია,- ასე შეაფასა­ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება.

მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„კორუფციასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბურჭულაძის დაკავებას, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო არც ჩემთვის, არც ჩემი თანაგუნდელებისთვის. მძიმე ფაქტია, როდესაც შენს თანაგუნდელს აკავებენ მაშინ, როდესაც ქვეყანას დანის პირზე სიარული მოუწია. თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყველაფერი გადადო და იცით, როგორ ებრძვის იმ ბოროტებას, რომელიც ებრძვის საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. ამ პირობებში და ვითარებაში, როდესაც მსგავსი ფაქტები ხდება, ძალიან ცუდია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში