ჩემი დაკავება აბსურდულია - 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ რომ გამიშვათ ციხეში,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ესპანეთში ნაყიდი ბინა, რომლის დამალვასაც გამოძიება მას ედავება, საკუთარი ქონების გაყიდვით შეიძინა.
„თუ უფლებას მომცემთ პირველ რიგში, შევაფასებ ბრალის ხარისხს - აქ ევროპულობასთან კავშირი არ არის. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება. რაც შეეხება ნასყიდობას - ნასყიდობა მე დავასაბუთე. არანაირი კავშირი არ აქვს მას ჩემს წყნეთის სახლთან ლეგალიზაციასთან თვალსაზრისით. მე მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მრწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია. მე ლეგალური საფუძვლები მქონდა, რითაც გადავიხადე ნასყიდობის ღირებულება...
რაც შეეხება წყნეთის სახლის ნასყიდობას - მე იპოთეკით დავტვირთავდი ნასყიდობას თუ გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია. ეს იყო ნასყიდობა, რომელსაც მერე ყადაღა ედო და ვერ ჩავუშვით. ის ვალდებულება გადავიხადე და ესპანეთის სახლის ღირებულებაც გადავიხადე სხვა ქონების რეალიზებით, რომელიც დედაჩემს ჰქონდა წარსულში შეძენილი, ჩემი ბინა მივყიდე ჩემი მეუღლის დას და მიწა გავყიდე. არანაირი კავშირი ამ ნასყიდობას ლეგალიზებასთან არ გააჩნია.
რაც შეეხება დეკლარაციას - ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, იმიტომ რომ 2025 წელს შევიძინე. 2024 წლის ბოლომდე ვავსებდი დეკლარაციას. მე ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი და ხელშეკრულებაც მივიტანე. ეს არ არის ახალი და აღმოჩენა არ არის. რაც შეეხება შესყიდვებთან დაკავშირებით ბრალეულობას - აქ არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს... წარმოუდგენელია, რომ ამის საფუძველზე, 8 შვილის მამა, ტვინის შერყევით, უნდა გამიშვან მე ახლა იზოლატორში?!”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.