პროკურორი - თანამდებობიდან წასვლიდან ერთი წლის განმავლობაში პირს ვალდებულება აქვს, თავიდან  შეავსოს დეკლარაცია, შესაბამისად 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძეს შევსებული აქვს -  ესპანეთში შეიძინა უძრავი ქონება და ვალდებული იყო ეს აესახა, რაც არ მომხდარა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, თუმცა კონკრეტულად ვინ იკითხება ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეის მდგომარეობით, ვერ ისაუბრებს, გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.

„როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს წარდგენილი აქვს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ გაიზიარა ის საფრთხეები, რაც მითითებული იყო შუამდგომლობაში და ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა პატიმრობა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორც მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ასევე დოკუმენტაციაა გამოთხოვილი, ამოღებული სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირისგან. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაცია. ვინ არიან მოწმეები და მსგავს დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. საფრთხეები არსებობდა როგორც ზემოქმედების, ასევე მტკიცებულების მოპოვებაში ხელის შეშლის, მიმალვის და შესაბამისად, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღნიშნული საფრთხეები დასაბუთებული იქნა ბრალდების მხარის მიერ, რაც გაითვალისწინა და გაიზიარა სასამართლომ.

რაც შეეხება ბრალდებას, კონკრეტული შესყიდვის შედეგად, რა დროსაც ხელოვნურად იქნა გაზრდილი გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის კომპიუტერულ ტომოგრაფიული აპარატის ფასი, ზიანი შეადგენს 1 333 728 ლარს, ხოლო უძრავი ქონება რაც შეიძინა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ესპანეთში შეძენილი იქნა 544 ათას ევროდ. მოცემულ შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო იმ მომენტისთვის მის საკუთრებაში და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონება აესახა დეკლარაციაში, რაც არ მომხდარა. თანამდებობის პირს, თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში აქვს ვალდებულება, რომ თავიდან შეავსოს დეკლარაცია, შესაბამისად 2025 წლის მარტში მას შევსებული აქვს აღნიშნული დეკლარაცია.

გამოძიებას აქვს შესაბამისი დრო და გამოძიება შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე გადის შედეგზე. როცა შეიქმნა შესაბამისი სტანდარტი, დაიწყო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. დღეის მდგომარეობით ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე. აღნიშნულს გვაჩვენებს გამოძიება. საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, კონკრეტულად ვინ იკითხება აღნიშნულს ვერ გეტყვით“,- განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო