კახაბერ ძაძამიამ, რომელიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დღეს, მასთან ერთად გადაადგილდებოდა, სასამართლოს ჩვენება მისცა და მომხდარი დეტალურად აღწერა

ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, სამძიმარზე ასვლამდე ჯანგველაძემ ორ პირს მისამართი ჰკითხა, ერთ-ერთი მათ შორის, გელა უძილაურიც იყო.

აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ მოწმე კახაბერ ძაძამიას დაკითხვისას, სასამართლოში განაცხადა. სწორედ ძაძამია იყო პირი, ვინც მკვლელობის დღეს ლევან ჯანგველაძესთან ერთად გადაადგილებოდა, მათ შორის, იმყოფებოდა სამძიმარზე, საიდან გამოსულიც ჯანგველაძე მოკლეს.

სწორედ ძაძამიამ მისცა დღეს სასამართლოში ჩვენება.

„დამირეკა, ჩამოვდივარო, ყოფილა შემთხვევა, დაურეკავს მოვდივარო და არ ჩამოსულა... იმ დღეს ვურეკავდი, ტელეფონს არ პასუხობდა, სახლში წასულა, გამოუცვლია, მერე „ამბასადორში“ მოვიდა გია ჩადუნელთან ერთად და პანაშვიდზე წავედით. გია ჩადუნელი დაცვაც იყო და მძღოლიც. მანქანა, რითაც გადაადგილდებოდა, ლევანის იყო.

საჭესთან ჩადუნელი იჯდა, უკან ვიჯექი მე, ლევანი - ჩადუნელის გვერდით. როცა მივედით[ჭავჭავაძეზე], გია ჩადუნელს უთხრა, მანქანაში იყავიო, რაცია გამოართვა და პანაშვიდზე ავედით. რაცია ჭირდებოდა, რომ შეხმიანებოდა.

მისამართი ზუსტად არ ვიცოდით, გზაში ორ ადამიანს ჰკითხა.

სამძიმარზე ლიფტით ავედით, იქ გარდაცვლილის ცოლი, შვილი და ნათესავები იყვნენ. დაახლოებით, 40 წუთი ისაუბრეს, ლიფტით ჩამოვედით.

გარეთ გამოვედით, რამდენიმე მეტრი წავედით, ზუსტად არ მახსოვს, მანქანა დაახლოებით, 40 მეტრში ეყენა. ვიღაც კაცი იდგა, ერთხელ მოვტრიალდი, სიარული ისევ გავაგრძელეთ და სროლაც დაიწყო. წავიქეცი, ლევანიც წაიქცა სროლის მერე და დამეცა, ინსტინქტურად გავიქეცი“, - განაცხადა ძაძამიამ.

კითხვაზე: სახეზე თუ ახსოვს გელა უძილაური, მოწმემ განაცხადა, რომ არა.

„არა, იმ მომენტში ამის აზრი არ გაქვს. იმ დროს თავის გადარჩენაზე ფიქრობ“, - განაცხადა ძაძამიამ.

საქმის პროკურორმა მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალა წარადგინა, სადაც ასახულია, ლევან ჯანგველაძისა და კახაბერ ძაძამიას გადაადგილება, ასევე ჩანს გელა უძილაურიც. მასალის წარდგენამდე, ჩვენებისას, ძაძამიამ განაცხადა, რომ ჯანგველაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ორ ადამიანს მისამართი ჰკითხა.

„პირველი, ვისაც ლევან ჯანგველაძე მისამართს ეკითხება, გელა უძილაურია“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. მან მოწმეს ჰკითხა, თუ რატომ შეტრიალდა ის გადაადგილებისას უძილაურისკენ.

„კაცი რომ იდგა, ვნახე, ჩემს მერე ლევანი მოტრიალდა, მაგრამ წამებში მოხდა ყველაფერი“, - განაცხადა ძაძამიამ.

პროკურორმა სასამართლოში ვიდეომასალის გამოკვლევა განაგრძო.

„მერე იარაღს იღებს უძილაური და იწყებს სროლას, ლევან ჯანგველაძის შემდეგ, უკვე გია ჩადუნელის მისამართით ისვრის, ერთი ტყვია ჩადუნელს მოხვდა, მეორე პიცერია „დომინოში“ შევარდა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

კახაბერ ძაძამიამ სასამართლოს შენობა ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე, თანმხლები პირის დახმარებით დატოვა. კითხვების დასმისას, მან „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მობილური ტელეფონი წაართვა და ძირს დააგდო.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო