ბოლო 20 წელში მესამედ, ფოტოხაფანგმა საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირა

ალგეთის ეროვნული პარკში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობის ორმა ფოტოხაფანგმა ღობის გარე პერიმეტრზე წითელი ნუსხის სახეობა - ჯიქი, იგივე ლეოპარდი დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განმარტებით, ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ამ უნიკალური და ფრთხილი ცხოველის კადრზე აღბეჭდვის მესამე ფაქტია. მსოფლიო წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობა - Panthera pardus, რომელიც შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე, ბრაკონიერობის შედეგად, მე-20 საუკუნის შუა წლებიდან გადაშენებულად ითვლება. ძველად ქართველები „ვეფხს“ სწორედ ლეოპარდს ეძახდნენ.

„სავარაუდოდ, ეს უნიკალური ცხოველი თრიალეთის ქედზე კარგა ხანია იმყოფება. ჯიქი ისეთი ფრთხილია, რომ ადამიანს გაურბის და არ ენახება. ჩვენს მიერ ირმის საშენისთვის აშენებული 4 კილომეტრიანი ღობის გასწვრივ განთავსებული ათეულობით ფოტოხაფანგებიდან ორმა შეძლო მისი დაფიქსირება. ჯიქი ღობის გასწვრივ მოძრაობდა. ჩვენი საშენი ისეა მოწყობილი, რომ მტაცებელმა ვერ შეაღწია; საშენი მეურნეობა 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია 40 ფოტოხაფანგითა და 30 ვიდეოკამერით. ირმები დაცულები არიან. საშენის გარეთ, დაცულ ტერიტორიაზე ბევრია ჯიქის ბუნებრივი საკვები. ეს ფაქტი კიდე ერთხელ მიუთითებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე და მათი ფუნქციონირების აუცილებლობაზე“, - განაცხადა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა.

ზოოლოგის, პროფესორ ზურაბ გურიელიძის განცხადებით, საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი გახდა ევრაზიის ბიომრავალფეროვნების მთლიან რუკაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი ეროვნული, ბუნებრივი მემკვიდრეობის – უნიკალური და იშვიათი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვა და შენარჩუნებაა.

დღეს, საქართველოში, 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა. დაგეგმილია და მიმდინარეობს მუშაობა სამეგრელოს, სვანეთის, კახეთის, გურიის რეგიონებში 4 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნისა და რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის