არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელის ხატია ვიბლიანის მიმართ, მოზარდის ოჯახი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
როგორც არასრულწლოვანის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხატია ვიბლიანი მოზარდის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ცხოვრობს და შესაბამისად, ეს მისთვის უსაფრთხო არაა.
„როგორც იცით, ხატია ვიბლიანს ბრალდება წარედგინა, ოჯახი ითხოვს ხატია ვიბლიანის აღკვეთ ღონისძიებად გამოყენებული იყოს პატიმრობა და არა გირაო, რადგან ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად, დამნაშავე ცხოვრობს ძალიან ახლოს და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაეყაროს ბავშვს. ასევე საფრთხეშია მთელი საზოგადოება, არავინ იცის, კიდევ ვის გაიმეტებს და უმოწყალოდ სცემს ეს ქალბატონი. გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ მისი არ დაკავების მიზეზი შეიძლება გახდეს, მისი მცირეწლოვანი ბავშვის მეურვეობა. მან ისევე როგორც მოზარდზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ეს იმ საღამოს ატირებულ ბავშვსაც აყურებინა. ასევე, ქალს, რომელსაც პირველ ბავშვზე დედობა აქვს ჩამორთმეული, თქვენი აზრით, მეორეს ნორმალურ პირობებში ზრდის? ახლა აცხადებს, არ ვიცოდი არასრულწლოვანი რომ იყოო. არადა, მაშინ ხომ ჰქონდა გაცნობიერებული, მოზარდთან რომ ჰქონდა საქმე, როცა მიმართავდა: „შე, წვინტლიანო, ნაბიჭვარო, მე შენ გასწავლი ჭკუასო“ და თავს ვინ ვის დაესხა, ესეც მშვენივრად ჩანს კადრებში, მოწმეებიც ადასტურებენ მაღაზიაში“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.