თბილისის საქალაქო სასამართლოში, დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალდებული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ელენე ხოშტარიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
ბრალდების მხარემ სასამართლოს ელენე ხოშტარიასთვის 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, საპატიმრო გირაოს გადასახდელად კი, ხოშტარიას 20 დღე განესაზღვრა.
პროკურორის განმარტებით, ელენე ხოშტარიამ დააზიანა პოლიტიკური პარტიის ბანერი, „რის შედეგადაც დაზარალებულ პოლიტიკურ პარტიას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 570 ლარის ოდენობით“. ამასთან, მისი თქმით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს დანაშაულის გაგრძელების ფაქტი, გასათვალისწინებელია ის, რომ ელენე ხოშტარიამ ბანერი მიზანმიმართულად დააზიანა.
მისი თქმით, ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ბრალდებული არაერთხელ არის ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. პროკურორის თქმით, ეს ვარაუდი ბრალდების მხარეს აძლევს საფუძველს, რომ ის მიდრეკილია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისკენ. ამასთან, მისივე თქმით, არსებობს ხოშტარიას მხრიდან მიმალვის და სასამართლოში გამოუცხადებლობის საფრთხე. პროკურორის განცხადებით, ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად ხოშტარიას უნდა განესაზღვროს 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო.
სასამართლოს პროტესტის ნიშნად არ ესწრება ბრალდებული პოლიტიკოსი, რომელმაც ასევე პროტესტის ნიშნად უარი თქვა ადვოკატის დაცვაზე. ამის შემდგომ მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნეს, თუმცა როგორც სასამართლო პროცესზე თავად საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ განაცხადა, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებაზეც. აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად, ბრალდებულის პოზიცია მისთვის უცნობია. როგორც ბენიამ განმარტა, ვინაიდან მას საქმის მასალები გადაეცა, შეუძლია თქვას, რომ არ არსებობს ელენე ხოშტარიას დაკავების არანაირი საფუძველი და არ არსებობს არანაირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველიც.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას ბრალდება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე აქვს წარდგენილი.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.