თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს. ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.
აღნიშნულით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა მარიამ წულაიამ სხდომაზე განაცხადა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ბრალდებული არაერთხელ არის ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. პროკურორის თქმით, ეს ყველაფერი ბრალდების მხარეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ის მიდრეკილია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისკენ. ამასთან, მისივე თქმით, არსებობს ხოშტარიას მხრიდან მიმალვის და სასამართლოში გამოუცხადებლობის საფრთხე.
პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ვინაიდან ხოშტარიამ სასამართლოში გამოცხადებაზე და საადვოკატო მომსახურებაზე უარი განაცხადა, მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა, თუმცა როგორც სასამართლო პროცესზე თავად საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ განაცხადა, ელენე ხოშტარიამ უარი საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებაზეც განაცხადა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ხოშტარიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად, ბრალდებულის პოზიცია მისთვის უცნობია.
როგორც ბენიამ განმარტა, ვინაიდან მას საქმის მასალები გადაეცა, აქედან გამომდინარე ამბობს, რომ არ არსებობს ელენე ხოშტარიას დაკავების არანაირი საფუძველი და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველიც.
ირაკლი ბენიას თქმით, ბრალდებულის დაკავების არანაირი საფუძველი და აუცილებლობა არ არსებობდა, შესაბამისად, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ელენე ხოშტარია არის მოქმედი პოლიტიკოსი, შესაბამისად, მისი მხრიდან მტკიცებულების განადგურების საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილების” ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას ბრალდება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე აქვს წარდგენილი.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.