ფულის გათეთრების სქემაში ბრალდებულის ფუნქცია იყო ფულის გადახურდავება. მას მისი წილი დანაშაული აქვს, მაგრამ ნუ შემოგვაპარებენ, ამ ადამიანზე ვთქვათ, რომ ის იყო ფულის ძირითადი გამთეთრებელი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბესო დონაძემ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საჭიროა სისტემური პასუხისმგებლობის დადგენა და პროკურატურა უნდა იყოს დაინტერესებული, მათ შორის სახელმწიფო უწყებებით.
მან ასევე მოითხოვა პასუხი კითხვაზე, დარჩა თუ არა 670 მილიონი დოლარი საქართველოში თუ ქეშის სახით გავიდა და რუსეთს დაუბრუნდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საბაჟო დეპარტამენტი, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამხელა სქემაა აგებული და პროკურატურა გამოდის და ბოდავს - დავიჭირე ჯიხურის გადამხურდავებელი. ამ სქემაში ბრალდებულის ფუნქცია იყო ფულის გადახურდავება. მას მისი წილი დანაშაული აქვს, მაგრამ ამ ადამიანზე რომ ვთქვა, ის იყო ფულის ძირითადი გამთეთრებელი, ასე ნუ შემოგვაპარებენ. კოტორაშვილს ვკითხოთ, სად წაიღო ამდენი რუბლი, რად აქცია? რუბლი აიღო და მისცა დოლარი, ამდენ რუბლს რა უქნა?
ასვე პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე - 670 მილიონი დოლარი სრულად დარჩა საქართველოში თუ ისევ ქეშის სახით გავიდა და დაუბრუნდა რუსეთს. პირველადი განცხადება, რაც დადეს არის ბოდვა“,- განაცხადა დონაძემ.
მისივე მოსაზრებით, ძირითადი აქცენტის გადატანა იმაზე, რომ ვინმე კოტორაშვილი არის ფულის გამთეთრებელი არის შეცდომა.
ამასთან, როგორც დონაძე აცხადებს, საინტერესოა საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემას იძიებს თუ არა აზერბაიჯანთან ერთად.
„ამ საქმესთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები: დაკითხულია თუ არა ვაჟა სირაძე, ფინანსთა მინისტრი, მისი მოადგილეები, კურატორი მოადგილეები და საბაჟო პუნქტის ხელმძღვანელები. ათეულობით მილიონი ლარია დახარჯული სკანერების შეძენაში. ხელშეწყობის გარეშე არაფერი ხდება. იმ გიორგი ბაჩიაშვილსაც ჰყავდა ვიღაც ხელშემწყობი. ე.წ. დაკრიშვის გარეშე 625 მილიონ დოლარს, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეიტან. საქართველოში ეს გზა იყო გამწვანებული.
როდესაც პროკურატურა გვეუბნება აზერბაიჯანიდან მოხდა, ესაუბრნენ აზერბაიჯანელ კოლეგებს? იქიდანაც გამოიარა. აზერბაიჯანშიც ვერ აღმოაჩინეს. ამ საქმეს აზერბაიჯანთან ერთად იძიებენ? ამ დანაშაულს მარტო საქართველოს პროკურატურა იძიებს?“,- განაცხადა დონაძემ.