იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გელა უძილაურმა მისი თვალით ნახა და მისი ყურით მოისმინა, რომ მას პრაქტიკულად გამოსავალი აღარ რჩება, არ გამოვრიცხავ, სასამართლოს ჩვენება მისცეს, - ამის შესახებ ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, უძილაურს სხვა გამოსავალი არ აქვს.
„ბრალდებულის აღიარება და მის მიერ გარკვეული ინფორმაციის გაცემა, კითხვებზე პასუხი საქმისათვის იქნება მნიშვნელოვანი, თუ რა თქმა უნდა, ეს იქნება სიმართლე. იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მისი თვალით ნახა და მისი ყურით მოისმინა, რომ მას პრაქტიკულად გამოსავალი აღარ რჩება, არ გამოვრიცხავ, მან სასამართლოს ჩვენება მისცეს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
მან ასევე ისაუბრა სასამართლოში დღეს დაკითხულ მოწმეებზე და მათ მიერ მიცემულ ჩვენებებზე.
„დაიკითხნენ საერთოდ ნეიტრალური მოწმეები, რომლებმაც ამოიცნეს გელა უძილაური. ასევე დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი, რომელმაც კატეგორიულად დაადასტურა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა გელა უძილაური, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. გარდა ამისა, დაიკითხა გელა უძილაურის მეგობარი, რომელმაც დაადასტურა, რომ უძილაურს მკვლელობისთვის მომზადება 14 მარტს არ დაუწყია, თებერვლის თვეში, ის ლევან ჯანგველაძეს სასტუმრო „ამბასადორში“ უთვალთვალებდა. როდესაც კამერების დათვალიერება მოხდა, მისმა მეგობარმა გელა უძილაური ამოიცნო. ამ მიმართულებით ბრალდების მხარეს ბევრი მტკიცებულება აქვს, რომელსაც ეტაპობრივად გამოვიკვლევთ.
ასევე, ერთ-ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც გელა უძილაური თბილისიდან ქარელში წაიყვანა, ამის შემდეგ უძილაური მოძრაობას აგრძელებს იმისთვის, რომ გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდეს. ამისთვის ის სასტუმროს ნომრიდან როგორც სოციალურ ქსელ „ვოთსაფზე“ უკავშირდება, ისე ჩვეულებრივი ქსელით, რაც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა. ასევე გამოკვლეული იქნა მოწმის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ გელა უძილაური მისული იყო გიორგი ჯოხაძის ნათესავის, მამუკა ბაღდავაძის სამუშაო ადგილზე, სადაც ჯოხაძეს ეძებდა. არც ერთი მტკიცებულება არ შეიძლება ცალკე აღებული შეფასდეს, ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, საბოლოო ჯამში, შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ამ საქმეში დასტურდება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.