სუს-ის მიერ დაკავებული საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი გიორგი კვახაძე ბრალს არ აღიარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი გიორგი კვახაძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, თამაზ კვახაძემ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საზედამხედველო ბარათზე აქვს მოწერილი ხელი.

„რა თქმა უნდა, ბრალს არ ვაღიარებთ. საერთოდ არანაირი შემხებლობა თანხებთან არ აქვს, საქმის მასალებს გავეცნობი და შემდეგ მეცოდინება დეტალები. საზედამხედველო ბარათის ხელმომწერია ის.

ბრალის ფორმულირების მიხედვით, თითქოს, შეთანხმებით მოქმედებდა რაღაც ჯგუფი. საუბარია იმაზე, ქვა-ღორღი, რაც ქუთაისიდან რაჭის რეგიონში უნდა ჩამოეტანათ, ის თითქოს, უფრო ახლოდან, რაჭიდან მოჰქონდათ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ვალდებულება გააჩნდა და არც მიუწვდებოდა ხელი, საიდან მოდიოდა ეს ქვა-ღორღი“, - განაცხადა კვახაძემ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.

აღნიშნულზე დაკავებულია შპს B.P. TRANS - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო რაც შეეხება შპს B.P. TRANS -ის ყოფილ დირექტორს, 100%-იანი წილის მფლობელსა და ამავე დროს ვანში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრს, ბიჭიკო პაიკიძეს, ის მიმალვაშია.

სუს-ის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

დაკავებულებსა და პაიკიძეს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება