საფრანგეთის სენატში რეზოლუციის პროექტი მომზადდა, რომელიც გმობს „საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ უკუსვლას“ და საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებას

საფრანგეთის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სენატის ვებგვერდზეა განთავსებული.

რეზოლუციის პროექტის წინადადება „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას“.

ამასთან, საფრანგეთის სენატი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შეშფოთებას იწვევს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ცვლილებამ ადრე არსებული ევროპული კურსიდან გადახვევა აჩვენა. პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ შემაშფოთებელი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ, ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისგან დაშორებით და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაძაბულობის გაზრდით. გადახვევა მოულოდნელი არ ყოფილა. ევროპულმა ინსტიტუტებმა შეშფოთება ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში გამოთქვეს: 2024 წლის ივნისში ევროპული საბჭო სამართლიანი არჩევნების გარანტიის მოწოდებით გამოვიდა და ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლა დაგმო. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც უსამართლო პირობებში ჩატარდა, ეს გაფრთხილებები დაადასტურა“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ „ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას“.

რეზოლუციის თანახმად, „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებას ადასტურებს“.

„აღნიშნულის შედეგად, საფრანგეთმა და ევროკავშირმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დემოკრატიული პრინციპების, ევროპული სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის სურვილების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციის პროექტი განსახილველად საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტს გადაეცა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის