მაია მწარიაშვილი ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - ცდილობდნენ, მზია ამაღლობელი დუმილისა და დანებების სიმბოლოდ ექციათ, ამის ნაცვლად, ის დაუმორჩილებლობის ხმად იქცა

ისინი, ვინც მზია ამაღლობელის საქმის ორკესტრირება და აღსრულება მოახდინეს, ცდილობდნენ, ის დუმილისა და დანებების სიმბოლოდ ექციათ, ამის ნაცვლად, ის დაუმორჩილებლობის ხმად იქცა, - ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მზია ამაღლობელის სახელით, ამ უაღრესად პრესტიჟული პრემიის ნომინანტებს შორის მისი დასახელებისთვის. ასევე, მინდა, მივულოცო ამ პრემიის სხვა ნომინანტს, ბატონ ჰასანლის და ვუსურვო მას მალე გათავისუფლება. მინდა, მივულოცო ამ საპატიო პრემიის გამარჯვებულს, ბატონ ბუტკევიჩს.

ვაცლავ ჰაველის პრემიის ნომინანტებს შორის დასახელება უდიდესი პატივია, პატივი მორალური სიმამაცისთვის, სიმართლისთვის, მედეგობისთვის, მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი, საგანგაშო სიგნალი, რაც ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანაში, მზიას ქვეყანაში, რაღაც ძალიან არასწორად ხდება. დღეს, 50 წლის ასაკში მზია საკუთარ ქვეყანაში სინდისის პატიმარია. ის ასევე პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მან არ აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე თავისუფლების სანაცვლოდ. მან უარი თქვა ეთამაშა რეჟიმის წესებით და არც არასდროს უთამაშია. ისინი, ვინც მზიას საქმის ორკესტრირება და აღსრულება მოახდინეს, ცდილობდნენ ის დუმილისა და დანებების სიმბოლოდ ექციათ. ამის ნაცვლად, ის დაუმორჩილებლობის ხმად იქცა. მზიას ბრძოლა განასახიერებს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას აყალიბებს: სიტყვა, საჯაროობა, პრინციპული პოზიცია, ღირებულებები, კანონის წინაშე თანასწორობა, კანონის პატივისცემა, მაგრამ არა უსამართლობასთან შეგუება. ასამბლეის პატივცემულო წევრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, მზია კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, უფრო ზუსტად კი, ის მძევალია. მან თითქმის მთლიანად დაკარგა მხედველობა. მას დღეში მხოლოდ რამდენიმე გვერდის წაკითხვა შეუძლია, ამიტომ ძირითადად წერს“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

მწარიაშვილის თქმით, თუ ისინი, ვინც მზია დააპატიმრეს, დაინახავენ, რომ ცივილიზებული სამყარო აღარ უყურებს და მართლმსაჯულების დამახინჯება დაუსჯელი რჩება, ციხე გახდება ადგილი, საიდანაც ვერცერთი ხმა ვერასდროს მიაღწევს ევროპამდე.

„სანამ მისი ხმა ისმის ამ დარბაზებში და სხვებშიც, იმედი არსებობს. იმედი, რომ ციხე არ გახდება ადგილი, სადაც მისნაირ ხმებს ჩაახშობენ. თუმცა, საპარლამენტო ასამბლეის ძვირფასო წევრებო, თუ სასამართლო დარბაზები დადუმდება, თუ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია გაქრება, თუ სამოქალაქო საზოგადოება გაქრება და თუ დამოუკიდებელი იურისტები და უფლებადამცველები აღარ იარსებებენ, და თუ ისინი, ვინც მზია დააპატიმრეს, დაინახავენ, რომ ცივილიზებული სამყარო აღარ უყურებს და მართლმსაჯულების დამახინჯება დაუსჯელი რჩება, მაშინ, მეშინია, ციხე გახდება ადგილი, საიდანაც ვერცერთი ხმა ვეღარასდროს მიაღწევს ევროპამდე. ამიტომ, ნუ დაუშვებთ ამას!“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო