ვუმკლავდები, განსაცდელია, ასეა და სწორია, ჭეშმარიტება ასე მოითხოვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კორუფციის ბრალდებით დაკავებულმა რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან საზოგადოებასა და დარბაზში მყოფ პირებს მიმართა და აღნიშნა, რომ მის სიმართლეს დაადასტურებს.
„როცა დამაკავეს, გამოძიება მიდიოდა და იყო საფრთხე, რომ გამოძიებისთვის ხელი შემეშალა და დოკუმენტები გამეყალბებინა, ეს საფრთხე არ არსებობს, მე ვთანამშრომლობდი გამოძიებასთან... როცა დამკითხეს, სწორედაც ჩემი ჩვენების შემდეგ, გამოძიებამ დაკითხა ხელთავიდან რამდენიმე მოწმე და დააზუსტა, რაც მქონდა ჩვენებაში ნათქვამი....მათ დაადასტურეს ის ფაქტები, რაც აღვწერე, ეს მიუთითებს იმას, რომ გამოძიებასთან ვთანამშრომლობ.
ისედაც იმდენი მუხლია, კიდევ რომ ზემოქმედება მოვახდინო მოწმეებზე....ცხოვრებაში პოლიციაში და სასამართლოში არ ვყოფილვარ, რა ზემოქმედებაზეა საუბარი...
თითოეულმა მეგობარმა, რომელმაც ჩვენება მისცა... მე მათზე გული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ, მაგრამ მეუღლემ გამომიგზავნა ნიცშეს წიგნი და იქ წერია: „მე კი ვაპატიე მას, რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაიდინა, მაგრამ თავის თავს რაც გაუკეთა, მე რა ვაპატიოო“. იმ ჩვენებებში იმდენი რამეა აბსურდი და ტყუილი.... ჩვენ გვექნება შესაძლებლობა არსებითი განხილვის ეტაპზე განვიხილოთ.
თუ რამის შეთვლა მინდოდა ადვოკატის პირით, შემეძლო შემეთვალა და ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა...
ვუმკლავდები, განსაცდელია, ასეა და სწორია, ჭეშმარიტება ასე მოითხოვს, აქ არ არის მითვისებასა და უმსგავსობაზე საუბარი ჩემთან მიმართებით ...
თვითონ გამოძიება ამბობს, რომ ჩემს ოჯახს მხოლოდ ხელფასით მილიონი ჰქონდა შემოსავალი, რომ არაფერი ვთქვათ იმ კერძო შრომაზე, რაც გავწიეთ...
ახლა გთხოვთ მოსამართლევ, შინა პატიმრობა იქნება, თუ სამაჯური იქნება... საერთოდ არ მინდა არავის ნახვა, იმდენი რამე ვნახე, გადამიფასდა ჩემი ხედვები... კანონმორჩილად ვიცხოვრე და რამდენიმე ასეული მილიონი ჩემი შრომით და ჯაფით შემიტანია სახელმწიფოსთვის.. ვარ ღირსების ორდენოსანი, ბევრი რამ გამიკეთებია.
არსებობს ადამიანური ფაქტორებიც. [მე ვარ] ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემა გააჩნია სასამართლო ინსტიტუციის მიმართ...
ვფიქრობდი რამე სიტყვა დამეწერა, მაგრამ არ დავწერე, მინდოდა ჩემი ამ წუთიერი სიტყვები გადმომეცა. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ჩემს პატივისცემას არ ეხება.
მინდა ჩემს ოჯახს, საზოგადოებას, მეგობრებს დავუმტკიცო, რომ ჩემი ცხოვრების არსი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს. ვისაც ამაში იოტისოდენა წვლილიც მიუძღვის, მადლობა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.