სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირის, მათ შორის ძმებ მიქაძეების მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირის, მათ შორის, ძმებ მიქაძეების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დარჩა.

თუმცა, მათგან დაკავებული მხოლოდ სამი პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძეა. დანარჩენი ორი - დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კი კვლავ ძებნაში არის.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ პროცესზე ბრალდებული ხუთივე პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები კვლავ არსებობს. მისივე თქმით, არც ერთი საფრთხის მიმართ არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც ამ საფრთხეებს შეცვლიდა.

ამასთან, როგორც პროკურორმა აღნიშნა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ორი ბრალდებული უკვე მიმალულია და ისინი ძებნაში არიან.

ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ.

ძმებ მიქაძეების ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულის მიმართ 100 000-ლარიან გირაოს შუამდგომლობდა.

გიორგი კაჭკაჭაშვილის უფლებადამცველი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა. მოსამართლის კითხვაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პასუხი გასცა დაკავებულმაც.

„გლდანში გადამიყვანეს, CT გადამიღეს, თავში კისტა აღმომაჩნდა", - განაცხადა კაჭკაჭაშვილმა. მისი ადვოკატი ბრალდებულის 20 000-ლარიანი, გიორგი ჯოხაძისა და მამუკა ბაღდავაძის ადვოკატები კი 50 000-50 000- ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.

სხდომას არ ესწრებოდა გიორგი მიქაძე, როგორც რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ შედგენილი ოქმიდან გაირკვა, მიქაძემ სასამართლოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და არც ოქმს მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაული დაფარა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით 3 პირი - გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი დააკავეს. გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის მიმართ კი ძებნა არის გამოცხადებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება