საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის და CERN-ის ახლადარჩეული, მომავალი გენერალური დირექტორის, მარკ თომსონის შეხვედრა ჟენევაში გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN-ის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ჟენევაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრში - ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN - the European Organization for Nuclear Research) სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ახლად არჩეულ გენერალურ დირექტორს, პროფესორ მარკ თომსონს, სამეცნიერო დირექტორს, პროფესორ გოტიე ამელ დე მონშენოს, CERN/ATLAS კოლაბორაციის სპოუქსპერსონს - სტეფან ვილოქს, CERN/CMS კოლაბორაციის ლიდერს და სტუ-ის პროფესორს - ტიციანო კამპორეზის შეხვდა.

სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე განიხილავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის თანამშრომლობის გაფართოების გზებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებში, როგორიცაა მაღალი და ზემაღალი ენერგიების ფიზიკა, ნაწილაკთა ამაჩქარებლების ტექნოლოგიები, ინოვაციური მასალები და კომპიუტერული მოდელირება. ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს სტუ-ის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის, რათა მათ შეძლონ მონაწილეობა საერთაშორისო კვლევით პროგრამებში და მიიღონ უნიკალური გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს CERN-თან თანამშრომლობას, რადგან ეს არის ის პლატფორმა, სადაც ყალიბდება თანამედროვე მეცნიერების გლობალური დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მივცეთ შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთონ ისეთ ექსპერიმენტებსა და კვლევებში, რომლებიც მომავალში განსაზღვრავს ფიზიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინფორმაციული მეცნიერებების განვითარებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტია, გახდეს ეროვნული და რეგიონული სამეცნიერო ჰაბი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო პარტნიორებს და შექმნის მყარ საფუძველს ახალი თაობის მეცნიერთა ჩამოყალიბებისთვის.

ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მომავალ გენერალურ დირექტორთან, პროფესორ მარკ თომსონთან. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება პირველი შეხვედრა მრავალთაგან: მჯერა, რომ CERN-თან თანამშრომლობა საქართველოს სამეცნიერო სფეროს მომავალისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის პარტნიორობას.

დღეს ჩვენ თამამად ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებასა და გაფართოებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული და ევროპული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის უფრო მეტად დაახლოებასა და ქართული განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქვეყნის პრემიერს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრს გივი მიქანაძეს. მათი მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ქართულმა უნივერსიტეტებმა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან, განავითარონ ინოვაციური პროექტები, აღზარდონ ახალი თაობის მეცნიერები და გახადონ საქართველო რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევითი შესაძლებლობების ცენტრი“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

ინფორმაციისთვის, 2024 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, CMS ექსპერიმენტის ასოცირებული წევრი გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს და შესაბამისად, სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს აძლევს საშუალებას ჩაერთონ არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის HL-LHC -ს მასშტაბურ ფაზაში, არამედ, მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC) ფიზიკური პროგრამის განხორციელებაშიც.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ CERN-ის მოწინავე ექსპერიმენტული ფიზიკის პროექტებში, განსაკუთრებით CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის RPC და HGCAL ჯგუფებში. 2025 წლის თებერვლის თვეში მათ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს – წარმატებით დასრულდა 80 უახლესი iRPC კამერისა და მათთვის საჭირო ახალი თაობის ელექტრონიკის შექმნა, რაც CMS ექსპერიმენტის მოდერნიზაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება