2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს და 7-13 ოქტომბრის პერიოდში საკომიტეტო ფორმატში განიხილავს, რის შემდეგად მთავრობას უკან დაუბრუნდება. ამის შემდეგ ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი განსახილველად სესიაზე გავა.
2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულად დაფინანსდება.
ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, 2026 წლისათვის გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს.
2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 140,9 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 13 900 დოლარს გადააჭარბებს.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,2%-ია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 35,0%-ის ფარგლებშია.
რაც შეეხება ხარჯებს, სოციალური მიმართულებით -
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება 7,0 მილიარდ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.
განათლების მიმართულებით:
განათლების და მეცნიერების მიმართულებით გამოყოფილია 3,4 მლრდ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც:
საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1,7 მლრდ ლარამდე.
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 500,0 მლნ ლარზე მეტი.
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 110,0 მლნ ლარი.
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 1050,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 615,0 მლნ ლარი.
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:
თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.
ინფრასტრუქტურა:
ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7,6 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის:
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,2 მილიარდ ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 681,0 მლნ ლარი.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,6 მილიარდ ლარზე მეტი.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 570,0 მლნ ლარზე მეტი.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 820,0 მლნ ლარზე მეტი.
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარი.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 200,0 მლნ ლარი.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2026 წელს გათვალისწინებულია 270,0 მლნ ლარზე მეტი.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 660,0 მლნ ლარზე მეტი.
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 210,0 მლნ ლარამდე.
საჯარო მოხელეთა ანაზღაურება:
2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2026 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
პარლამენტი 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში ბოლოს დაამტკიცებს.