ორივე ბავშვს ვფიცავ, არ ვიცი, სად არის, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ და ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის მეუღლემ, ელენე ცაცუამ გელა უძილაურის საქმეზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.
როგორც მან სასამართლოში აღნიშნა, გელა უძილაური მისი მეუღლის, გიორგი ჯოხაძის მცველი იყო და მასთან მუშაობა 2021 წელს დაიწყო, თუმცა შემდეგ უძილაური უკრაინის ომში წავიდა, ის ბოლოს, 2024 წლის იანვარში, ახლობლის სამძიმარზე ნახა.
კითხვებზე, რომელიც ჯოხაძის საქმიანობას უკავშირდებოდა, ცაცუა აცხადებდა, რომ ეს მისთვის ცნობილი არ იყო.
„თავისი საქმიანობა ჰქონდა, კონკრეტულად რა, არ ვიცი“, - განაცხადა ჯოხაძის მეუღლემ.
კითხვაზე, რა საჭიროება იყო ჯოხაძეს დაცვა ჰყოლოდა, მოწმემ უპასუხა, რომ, „ალბათ, ასე ჩათვალა საჭიროდ“.
„თვლიდა, ალბათ, თვითონ საჭიროდ. კონკრეტული გარემოება არ იყო, თვითონ გადაწყვიტა ასე. მე არ მყოლია [დაცვა], თვითონ ჰყავდა“, - განაცხადა ცაცუამ.
როგორც მან აღნიშნა, უძილაურმა მათ ოჯახში მუშაობა 2025 წელს დაასრულა.
კითხვაზე, სასტუმრო „თბილისი თაუერსში“ ნამყოფია თუ არა, მოწმემ უპასუხა, რომ „არ ახსოვს“. ხოლო კითხვაზე, ვისია აღნიშნული სასტუმრო, უპასუხა, რომ მისი მეუღლის ნაცნობ-მეგობრის, გიორგი ბოლაშვილის არის.
„გელა უძილაურთან თანხები გაქვთ ჩარიცხული, ეს უცნაური არ იქნებოდა, რადგან ის მცველი იყო, რომ არა, ერთი გარემოება. იანვრის თვეში [როცა უძილაური მათთან უკვე არ მუშაობდა] ჩარიცხვები გაქვთ უძილაურთან. ეს თანხები რას უკავშირდებოდა?“ - მიმართა ჯოხაძის მეუღლეს პროკურორმა, რაზეც მან ზოგადი პასუხი გასცა.
„შეიძლება ბენზინის ფული ჩამერიცხა, შეიძლება გიორგის ფული ჩამერიცხა გელასთან, რადგან მეუღლეს საბანკო ანგარიში არ აქვს“, - განაცხადა ცაცუამ.
კითხვაზე, 14 მარტს, როცა მკვლელობა მოხდა, თავად სად იმყოფებოდა, ან მისი მეუღლე, უპასუხა, რომ „არ ახსოვს“ და იქვე დასძინა, რომ „გელა მას საერთოდ უკრაინაში ეგონა, ომში“, რაზეც მოსამართლე ჩაეკითხა, „როგორ ეგონა უკრაინაში, როცა მასთან იანვრის თვეში გადარიცხვები აქვს განხორციელებული“. აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ „შეიძლება თებერვალში წასულიყო“.
მისივე თქმით, მკვლელობის შესახებ მისი მეუღლისგან, გიორგი ჯოხაძისგან გაიგო.
„გაოგნებული იყო თვითონაც, ორივე შოკში, გაოგნებული ვიყავით“, - განაცხადა ცაცუამ.
ჯოხაძის საქართველოდან წასვლის მიზეზზე დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ არ იცის.
„საზღვარგარეთ წავიდა. თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით მიდიოდა... ორივე ბავშვს ვფიცავ, არ ვიცი, სად არის“, - განაცხადა ცაცუამ.
პროკურორის კითხვაზე, თუ როდის ჩამოდის მისი მეუღლე საქართველოში ან რატომ წავიდა, უპასუხა, რომ ეს მისთვის „არ უკითხავს“.
ცნობისთვის, გიორგი ჯოხაძე ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებასა და მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენასა და გასაღებაშია ბრალდებული. ის ძებნაში იმყოფება.
ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.
შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.