ის პრაქტიკა, რაც „თეთრ სიასთან“ მიმართებით იყო, არასწორია - დღეს ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ 3-წლიანი გარდამავალი ეტაპის იდეა. ეტაპობრივად მოხდება საავანსო გარანტიების გაზრდა და უკვე 2029 წლიდან, ჩვენ ახალი სისტემით, ახალი პროცედურებით განვაგრძობთ მუშაობას, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, საკითხები, რაზეც კომპანიებთან კომპრომისი არ და ვერ იქნება, ეს არის ხარისხი, ვადები და ხარჯთეფექტურობა.
„ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ის პრაქტიკა რაც „თეთრ სიასთან“ მიმართებით იყო, არასწორი პრაქტიკაა და ამაზე მგონი საბოლოდ ყველანი შევთანხმდით, ბიზნესიც და ჩვენც. შესაბამისად, მთავრობამ დაიწყო ქმედებების განხორციელება, რომელმაც ამ პროცესის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი. დღეს ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ ის გარდამავალი 3-წლიანი ეტაპი, რომელიც გვექნება ამ მიმართულებით. როდესაც ეტაპობრივად მოხდება საავანსო გარანტიების გაზრდა და უკვე 2029 წლიდან, ჩვენ ახალი სისტემით, ახალი პროცედურებით განვაგრძობთ მუშაობას. აქ გაცილებით უფრო შეცვლილი იქნება „თეთრი სიის“ ფორმირების პროცედურა. ამავე დროს, ის ბენეფიტები თუ რით ისარგებლებენ „თეთრ სიაში“ მოხვედრილი კომპანიები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, მათ შორის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ვფიქრობთ, ის გადაწყვეტები, რაც ჩვენ გავაჟღერეთ ბიზნესთან, მათი სიძლიერისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მათთვის შესაძლებლობა, რომ იზრუნონ საკუთარი კომპანიების გაძლიერებასა და გაზრდაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ერთ-ერთი მთავარი, რაც იქნება ჩვენთვის და რაზეც კომპრომისი არ და ვერ იქნება, ეს არის ხარისხი, ვადები და შესაბამისად, ხარჯთეფექტურობა. ამ მიმართულებითაც გვქონდა ჩვენ მთავრობის ინიციატივა, რომელიც მათ გავაცანით. რაც შეეხება იმას რატომ გადავწყვიტეთ ეს, არაუზრუნველყოფილი ავანსის გადახდა არის გარკვეული რისკის შემცვლელი. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს ექმნება თანხის დაკარგვის რისკი. შესაბამისად, ეს პროცესი და ეს პროცედურები არ იყო სწორად დარეგულირებული. სახელმწიფო საკმაოდ კაბალურ პირობებში აღმოჩნდა რამდენიმე შემთხვევაში. აქედან გამომდინარე და ზუსტად ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
დღეს ვალდებულება „თეთრ სიაში“ მყოფ კომპანიას ავანსის მიღების დროს აქვთ, რომ წარმოადგინონ 50%-იანი საბანკო გარანტია. ჩვენ ვამბობთ, რომ 2026 წელს ეს იქნება 60%, 2027 წელს ეს გაიზრდება 70%-მდე. 2028 წელს იქნება 80%-ის ვალდებულება და შესაბამისად 2029 წლიდან საერთოდ ახალ სისტემაზე გადავალთ. ეს არის, გარკვეულწილად, რბილი გადასვლა გარკვეულ ახალ სისტემაზე. ეს ბუნებრივია არ შეეხება უკვე არსებულ კონტრაქტებსა და იმ კონტრაქტებს, რომელიც მოქმედია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან ეს არის სამართლიანი მიდგომა, მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით. თუმცა მათაც მოუწევთ აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ იმ თამაშის წესებს, იმ პირობებს, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწესებთ, აჰყვნენ. მიაქციონ ყურადღება და იზრუნონ ხარისხზე, სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირ კომპრომისს ვერ დავუშვებთ ხარისხთან, დროსა და ხარჯებთან დაკავშირებით“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამასთან, მან ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდის განმავლობაში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ არაერთ პირთან დაკავშირებით, რომლებსაც მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვალდებულება ჰქონდათ და აღნიშნა, რომ უწყებაში ყველაფერი კეთდება, რომ კორუფციული რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული.
„მე ვერაფერს ვერ გეტყვით კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ შორის კორუფციული რისკები იყოს ყველანაირად გადაზღვეული და ამ მიმართულებით ვიქნებით უკომპრომისოები და შეურიგებლები. მეორეს მხრივ, შექმნით და ვქმნით ისეთ მექანიზმებს, რომ არცერთ კომპანიას არ მიეცეს საშუალება ბოროტად ისარგებლოს საბიუჯეტო სახსრებით ან თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს მსგავსი ქმედების ჩადენას, თავშივე მოხდეს მისი აღკვეთა“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.