“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავეს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია, - ამის შესახებ ზვიად კუპრავას ადვოკატმა გია გოროზიამ ჟურნალისტებს სუს-იდან გამოსვლის შემდგომ განუცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს ზვიად კუპრავას სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.
როგორც გია გოროზიამ აღნიშნა, ზვიად კუპრავას ორი ბრალდება აქვს წაყენებული - სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.
“ზვიად კუპრავას წარედგინა ბრალდება, თითქოსდა მას ძალადობის გამოყენებითა და დამხობით, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით მას სურს სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლა. ასევე წარედგინა ბრალი, რომ დაკავების პროცესში პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. რაც შეეხება ბრალში აღნიშნულ გარემოებებს, ზვიად კუპრავა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი და მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს”, - განაცხადა გია გოროზიამ.
ადვოკატის თქმით, მან მოისმინა თავად ზვიად კუპრავას მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო-ჩანაწერი და მასში, ძალადობის გამოყენებით რაიმე სახის მოწოდება, ან ხელისუფლების დამხობაზე მოწოდება ან რაიმე მსგავსი შინაარსი ვერ ნახა და “ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება”.
“დაცვის მხარის პოზიციით გეუბნებით, რომ აქ რაიმე სახის ძალადობას, ძალადობის გამოყენებით ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არ არის ის სტანდარტი, რაზეც მის მიმართ დაკავების ღონისძიება უნდა განხორციელებულიყო.
დამხობის მოწოდებასთან დაკავშირებით მტკიცებულების სახით მხოლოდ ვიდეო-ჩანაწერია, რომელიც თავად ზვიად კუპრავამ ატვირთა სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ თითქოს ის არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა გარკვეული სახის ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწია წინააღმდეგობა, ამასთან დაკავშირებით პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენებაა.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, ბრალდების მხარე ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. სიმართლე გითხრათ, კუპრავასთვის წაყენებული ორივე ბრალდება ერთ შემთხვევაში ითვალისწინებს 317- მუხლს, რომელიც მოიცავს ძალადობას და დამხობას, ამაზე არის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეხება პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას, ეს არის 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ორივე დანაშაული არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. გაურკვეველია, რატომ ითხოვს ბრალდება, ამ შემთხვევაში, ზვიად კუპრავას მიმართ პატიმრობის გამოყენებას. თუმცა, რა თქმა უნდა, დაცვის მხარეს გვექნება არგუმენტები, რომ მოსამართლემ არ გამოიყენოს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება და ზვიად კუპრავა გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან”, - განაცხადა გია გოროზიამ.