„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით Young Fine Gael International-ის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ოპოზიციის, განსაკუთრებით ახალგაზრდა აქტივისტების უსაფრთხოება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ორგანიზაცია Young Fine Gael International-ის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმაზეა საუბარი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი თავდასხმები მიზნად ისახავს დაშინებასა და დემოკრატიული პროცესის ჩახშობას.

„იგორ ნარმანიაზე, ოპოზიციონერ ახალგაზრდა ლიდერზე განხორციელებული ამ ბოროტი და ლაჩრული თავდასხმის ამბავი ღრმად შემაშფოთებელია. ეს თვალსაჩინო პოლიტიკური ძალადობა გამოძიებულ უნდა იქნას სრულად, ხოლო დამნაშავეები დაუყოვნებლივ წარედგინონ მართლმსაჯულების წინაშე. მსგავსი თავდასხმები მიზნად ისახავს დაშინებასა და დემოკრატიული პროცესის ჩახშობას. ასეთი ძალადობა პირდაპირი თავდასხმაა შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, რაც ევროპული ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ამ აგრესიას და ვდგავართ ჩვენი YEPP-ის პარტნიორების გვერდით საქართველოში. საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ოპოზიციის ყველა წევრის, განსაკუთრებით ახალგაზრდა აქტივისტების უსაფრთხოება, ამ კრიტიკულ საარჩევნო პერიოდში.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ პარტნიორს, დაგმონ ეს შემზარავი ძალადობა. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ყველა იმ ქართველი ახალგაზრდის მიმართ, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ. შედეგად "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი