ქვეყანაში გვაქვს ტირანია და ტირანიის მიმართ ადამიანის იმ ფორმით პროტესტი, რაც ამ ხალხმა გამოხატა, არ შეიძლება იქნას დანაშაულად მიჩნეული - როდესაც ბრალდება საუბრობს, რომ ეს იყო ძალადობა და ძალადობის ორგანიზება, სინამდვილეში, ეს იყო იმ ძალადობის აღკვეთის მცდელობა, რასაც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ახორციელებს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მურთაზ ზოდელავასა და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, ძალადობას ახორციელებს „ქართული ოცნება“ და 4 ოქტომბერი ამ ძალადობისგან თავის დახსნის აქტი იყო.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, ამ პროცესს ასი ათასობით ქართველი არა მხოლოდ თანაუგრძნობდა, არამედ იმედის თვალით უყურებდა.
„მოცემულ საქმეზე, ალბათ, ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ ბოლო წლების პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ყველაზე მყარი მტკიცებულებით შეიარაღებული და არგუმენტირებულად არიან წარმოდგენილი. სინამდვილეში, ის, რაც ბრალდების ფორმულირებაში წერია, ეს მთელმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. უფრო მეტსაც გეტყვით, იმის მონაწილე ვარ, რასაც ბრალდების მხარე ედავება. ვფიქრობ, ასი ათასობით ქართველი ამ პროცესს არა მხოლოდ თანაუგრძნობდა, არამედ იმედის თვალით უყურებდა. ეს არ არის ადვოკატის მხრიდან პოლიტიკური განცხადება, ეს არის საქმის და ვითარების რეალობის შეფასება... ეს არ იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეს იყო საქართველოს კონსტიტუციაში დაბრუნება. როდესაც ბრალდება საუბრობს, რომ ეს იყო ძალადობა და ძალადობის ორგანიზება, სინამდვილეში, ეს იყო იმ ძალადობის აღკვეთის მცდელობა, რასაც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ახორციელებს“, - განაცხადა ბასილაიამ, რის შემდეგაც მოსამართლემ მას სიტყვა შეაწყვეტინა.
„ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გააკეთოთ“, - მიმართა ადვოკატს მარიდაშვილმა.
„ვინ არის შეურაცხყოფილი? თქვენ ხართ“, - მიმართა მას კვლავ კითხვით ადვოკატმა, რაზეც მოსამართლემ მას მიუთითა, რომ „პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა“. იქვე დასძინა, რომ ის არ ზღუდავს განცხადებებში, თუმცა, არავის შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გააკეთოს.
აღნიშნულზე ადვოკატმა ჰკითხა, მიეთითებინა, რა არის შეურაცხმყოფელი, რომ შემდეგ გაეთვალისწინებინა. ამასთან, დასძინა, რომ საქმე პოლიტიკურია და ის ამაზე საუბარს ვერ აცდებოდა.
„უკანასკნელი წელიწად-ნახევრის მანძილზე ასეულობით ადამიანი არის დასისხლიანებული და ნაცემი. ერთი მოძალადე არ არის პასუხისგებაში მიცემული... სხვა საქმეზე არაა საუბარი. რამ გამოიწვია ამბოხი არ არის მნიშვნელოვანი? სულაც რომ ვეთანხმებოდე ბრალდების მხარეს, მოტივი არ არის მნიშვნელოვანი?!
4 ოქტომბრის წინა ღამით, 3 ოქტომბერს, 2 აქტივისტს თავი გაუტეხეს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს, 15 წლის ბიჭს და არავინ დაუკავებიათ. პოლიცია გვიჩვენებდა კადრებს, დამნაშავე პირები როგორ გაჰყავდათ, განა როგორ აკავებდა. ამ ვითარებაში, აქ წარმოდგენილ პატიმრებს, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ მურთაზ ზოდელავაზე, სხვა რა დარჩენია თუ არა, შეეცადოს, გასწიოს ძალისხმევა, ქვეყანა კონსტიტუციური ფარგლებში დაბრუნდეს,“ - განაცხადა ბასილიამ.
ადვოკატს სიტყვით გამოსვლა ამჯერად, პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა შეაწყვეტინა, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა.
კერძოდ, პროკურორმა განაცხადა, რომ ადვოკატი სხვა გარემოებებზე საუბრობდა, მიზანი კი დროის გაჭიანურება იყო, რაზეც ბასილიამ უპასუხა: „სად წერია, რომ ასეთი ჩართვის შესაძლებლობა გაქვთ?!“
„პროტესტი მაქვს. გთხოვთ განსაზღვროთ გონივრული ვადა და მიეცით თითოეულ მათგანს ისაუბროს საქმის მასალებზე და არა სხვა გარემოებებზე... დარწმუნებული ბრძანდებოდეთ თქვენ თავად არ იცით პროცესზე ქცევის წესები, ეთიკა. შენიშვნა მიეცით, არ გაბედოს ბრალდების მხარესთან ამ ფორმით საუბარი,“ - განაცხადა პროკურორმა.
პასუხად, ბასილაიამ პროკურორს მიმართა, რომ ის თავის სიტყვაში ხსნიდა, თუ რამ გამოიწვია წარდგენილი ბრალდება და მოუწოდა, არ შეეწყვეტინებინა.
„მაჩვენეთ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმა, როდესაც მეორე მხარეს შეუძლია, ადვოკატი საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისას შეაჩეროს. ორ ხმაში აღარ გავაგრძელე და ჩამოვაყალიბებინე ქალბატონს, მაგრამ მეორე მხარეს რა უფლება აქვს გამაწყვეტინოს?! თქვენ მითხარით ნორმა. მე მომყავს მაგალითები. ქვეყანაში გვაქვს ტირანია და ტირანიის მიმართ ადამიანის იმ ფორმით პროტესტი, რაც ამ ხალხმა გამოხატა, არ შეიძლება იქნას დანაშაულად მიჩნეული. მე რატომ არ მაქვს უფლება, გავაკეთო მითითებები ისეთ ფაქტებზე, რამაც 4 ოქტომბერი გამოიწვია? მე ჩემს სიტყვაში ვხსნი წარდგენილი ბრალდება რამ გამოიწვია ასე რომ არ შემაწყვეტინოთ,“ - აღნიშნა ადვოკატმა.
ბექა ბასილაიას განცხადებით, მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბრის აქციაზე იმისთვის არ ყოფილა, რომ „რომელიმე პოლიციელს ფიზიკურად დაჰპირისპირებოდა“.
„როდესაც საუბარია მურთაზ ზოდელავას სიტყვაზე, მას არაფერი უთქვამს რომ „რომელიმე პოლიციელს დავარტყათ, შეურაცხყოფა მივაყენოთ“. არ ყოფილა ასეთი. მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ „პოლიციელებო, რეჟიმი რომ ასე გექცევათ, რეჟიმის მსახურები კი არ უნდა იყოთ, უნდა იყოთ ხალხის მსახური“... ეს იყო ამ პროტესტის არსი. ზოდელავა იქ იმისთვის არ იყო, რომ რომელიმე პოლიციელს ფიზიკურად დაჰპირისპირებოდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს - იქ იყო საუბარი ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო. ყველა ფრაზას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გასაღების ჩაბარება არის სიმბოლური ქცევა და არ ნიშნავს რაიმე ძალადობას,“ - განაცხადა ბასილაიამ.
ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.
მისივე თქმით, „ეს ადამიანები არიან ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი“ და „აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ისინი იმ ხალხის გვერდით დადგებიან, ვინც 1924 წლის აჯანყების მესვეურები იყვნენ“.
„რასაც ბრალდება გვედავება, ამას ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები თავიდან ბოლომდე საქართველოს კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნებას ისახავდა მიზნად და არა სხვა რამეს.
აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. რეალურად, ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. იმიტომ ვიბრძვით, რომ რუსეთმა არ გადაგვყლაპოს, იმიტომ ვიბრძვით რომ, რაც აქ ხდება, რუსეთს მოსწონს. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ ხალხს, ვისაც დღეს აქ უყურებთ, დადგებიან იმ ხალხის გვერდით, ვინც 1924 წლის აჯანყების მესვეურები იყვნენ.
არანაირი მოლოდინი არ არსებობს. ამ ადამიანების მიმართ აღკვეთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული. ეს ადამიანები არიან ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი,“ - განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.