პროკურორი 4 ოქტომბრის მოვლენებზე - მოწმეთა ჩვენებებია, რომელთაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს ბრალდებულთა ქმედებებით - ბრალდებულები ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფდნენ, თუმცა, ამბობდნენ, რომ პატრიოტული მოტივით ჩაიდინეს

პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას მიყენებული ზარალი რამდენიმე ათეულ ათას ლარს ცდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერი, პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე არ უარყოფენ ფაქტობრივ გარემოებებს და ჩადენილს პატრიოტული მოტივით ხსნიან.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, რაზეც აპელირებდა ბრალდების მხარე და ხუთივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ბრალდებულების მოწოდებები და მათ შორის, მათი აქტიური ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს. პრინციპში, არცერთი ბრალდებული არ უარყოფდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ ტელევიზიით, თუმცა ამ ყველაფერს ისინი არ ცნობდნენ დანაშაულად და ამბობდნენ, რომ ეს მათ ჩაიდინეს მხოლოდ და მხოლოდ, პატრიოტული მოტივით. თავად ფაქტობრივ გარემოებებს და ქმედებებს სადავოდ არ ხდიან და აცხადებენ, რომ კი, ნამდვილად, მათ მიერ მოხდა აღნიშნული ქმედების განხორციელება და ჩადენა. საბოლოოდ, ამ ყველაფერს სასამართლო შეაფასებს.

სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა. გარდა საჯარო განცხადებებისა და იმ ვებგვერდების დათვალიერების ოქმებისა, რითაც დასტურდება თვალნათლივ პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, საქმეში მოიპოვება მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს და დაზარალდნენ ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებებით. არსებობს სხვადასხვა სახის დათვალიერების ოქმები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებულებები, ექსპერტების დასკვნები. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. ამდენად სისხლის სამართლის საქმეში არსებობს გარდა ამ საჯარო განცხადებებისა, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, მტკიცებულებათა ერთობლიობა და ეს გახლავთ არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ხუთივე ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას. ამ ეტაპზე, საქმეში დევს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რა თქმა უნდა, სრულად არ არის ნივთმტკიცებების დაზიანებით გამოწვეული ოდენობა და ზარალი, თუმცა დიახ, დათვლილია და ცდება რამდენიმე ათეულ ათას ლარს. ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. თუკი გამოჩნდება რაიმე სახის კავშირი ნებისმიერ სხვა სისხლის სამართლის საქმესთან, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, მან ისაუბრა იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ წარსულში საქმის მოსამართლე, ლელა მარიდაშვილი საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და აღნიშნა, რომ ეს გარემოება არ მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია იგი იყოს მიკერძოებული.

„ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის პოზიციას. მიგვაჩნია, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, წარსულში ქალბატონი მოსამართლე იკავებდა რაიმე სახის თანამდებობას, არ მიანიშნეს, რომ იგი შესაძლებელია იყოს მიკერძოებული. აღნიშნული მან თავადაც დაადასტურა. ამ საკითხზე ნათელი პოზიცია გააჩნდა ბრალდების მხარესაც“,- განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა