ობიექტური შეფასებებით, საქართველოს არანაირი პრობლემა არ ემუქრება ამ ნაწილში, მაგრამ თუ ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ პოლიტიკურ იარაღად უნდა გამოიყენოს, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, ახალი წესები, რასაც ევროკავშირი ამუშავებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ეხება საქართველოსაც, ისევე როგორც თანაბრად ეხება დანარჩენ 60 სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს.
„ბუნებრივია, ახალი წესები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. მთავარი, გარდა იმისა, რა კონკრეტული ცვლილებებიც შედის, არის ის, რომ შეფასების პროცესი არსებითად პოლიტიკური ხდება. აქამდე რატომ ვერ დაადეს თითი საქართველოს? რადგან საქართველო პირნათლად ასრულებდა იმ კრიტერიუმებს, რაც იყო გათვალისწინებული უვიზო მიმოსვლით. არსებითად უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო, რომ ქვეყნებს საფრთხე არ უნდა შეექმნათ ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს საკითხი დღეს დღის წესრიგში არ დგას. ახალი ცვლილებებით ის პროცესი, რომელიც დღეს საკმაოდ მერიტოკრატიულია, კონკრეტული ეტაპებით და შეფასების კრიტერიუმებით, არსებითად იცვლება და ჯერ ევროკომისიის და შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური და სუბიექტური შეფასებების საგანი ხდება. ამიტომ, ბუნებრივია როცა პოლიტიკურ პროცესზე გვაქვს საუბარი, ჩვენ უხვად ვნახეთ პოლიტიკურ შანტაჟად უვიზო რეჟიმის გამოყენება, ამიტომ შეიძლება წევრმა სახელმწიფოებმა ან ევროკომისიის ბიუროკრატებმა სცადონ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ. თუმცა ობიექტური შეფასებებით რომ გავყვეთ, არ იქნება სამართლიანი, რადგან საქართველო პირნათლად ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. არანაირ საფრთხეს არ უქმნის ევროკავშირს - პირიქით ეხმარება, როცა საქმე ევროკავშირის საზღვრების დაცვას, მიგრაციის კონტროლს და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ამიტომ, ობიექტური შეფასებებით, საქართველოს არანაირი პრობლემა არ ემუქრება ამ ნაწილში, მაგრამ თუ ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ პოლიტიკურ იარაღად უნდა გამოიყენოს, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი”, - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ. კენჭისყრაზე ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელიც ეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობა 90 დღემდე მოკლევადიანი ვიზიტით 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში. მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკომისიას, აღადგინოს სავიზო მოთხოვნები კონკრეტული ქვეყნისთვის, როდესაც არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები - ჯერ დროებით, გამოძიების და დიალოგის მიმდინარეობის დროს, ხოლო შემდეგ სამუდამოდ, თუ პრობლემები კვლავ გაგრძელდება.