4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი - წინასწარი პატიმრობის კონვეიერული სისტემით შეფარდება მოხდა - დარწმუნებული ვარ, სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იქნება - გავასაჩივრებთ

ბრალდებას არ ჰყოფნის რესურსი, რომ ინდივიდუალურად დაასაბუთოს ყველა ბრალდებულის შემთხვევაში რისკები,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს, თბილისში, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის, ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა, ბორის (ჩელე) ყურუამ განაცხადა.

მისი თქმით, მან მოსამართლეს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთს ღონისძიების არ გამოყენებასთან დაკავშირებით მოუწოდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„სასამართლომ ირაკლი ჩხვირკიას, ადამიანს, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდი დედისა და მეორე ჯგუფის ინვალიდი 87 წლის ბებიის ერთადერთი მარჩენალი და დამხმარეა, ზოგადი დასაბუთებით განუსაზღვრა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და ციხეში გაუშვა.

ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რომ დასაბუთებული ვარაუდი მაინც გვქონდეს, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ის არ ეთანხმება ბრალდებას. მისი პატიმრობაში დაზიანდა ბევრად მეტი სიკეთე, ვიდრე სასამართლოს უნდა დაეცვა.

მგონია, რომ ბრალდებას არ ჰყოფნის რესურსი, რომ ინდივიდუალურად დაასაბუთოს ყველა ბრალდებულის შემთხვევაში რისკები",- განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.

ბრალდებულის ამირან დოლაშვილის ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის თქმით კი, მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ უაპელაციოდ გაიზიარა, ბრალდების მხარის პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, თითქოს არსებობს რისკები მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების. პროცესზე ინდივიდუალური განხილვა არ ყოფილა, იყო კონვეიერული სისტემით მისჯა წინასწარი პატიმრობის. დარწმუნებული ვარ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ის დაუსაბუთებელი იქნება, რადგან ბრალდების შუამდგომლობაც დაუსაბუთებელი იყო. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ჩვენ ბრალდების მხარეს გადავეცით ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია, მას ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია და სჭირდება სისტემატური ყურადღება და მოვლა",- განაცხადა მარიამ შათირიშვილმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო