ირაკლი კობახიძე - გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე

ყველაფერს გავაკეთებთ კულტურის მინისტრთან, კულტურის მოღვაწეებთან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები.

„ჩვენ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გვქონდა კულტურული აღორძინების ხანა, როდესაც განსაკუთრებით განვითარდა საქართველოში შემოქმედების ყველა სფერო. ამის შემდეგ იყო 90-იანი წლები. ამის შემდეგ იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნვა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედებით სფეროში. მინდა, ყველას გისურვოთ ჩვენი კულტურის აღორძინება. ამაში თქვენ განსაკუთრებული როლი გაკისრიათ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კულტურის მოღვაწეებს „იმ გამორჩეული წვლილისთვის, რომელიც მათ ქართული კულტურის განვითარებაში მიუძღვით“.

„საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში კულტურას, შემოქმედებას, ხელოვნებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და, რა თქმა უნდა, ასეა საქართველოშიც. საუკუნეების განმავლობაში კულტურა იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შენდებოდა ჩვენი იდენტობა და რამაც დღემდე შეგვინარჩუნა და შეგვინახა ჩვენი ეროვნული იდენტობა.

ჯილდოზე წარდგენილ ხელოვანთა სია თავისთავად მეტყველებს ჩვენი კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე: რეჟისორები და პოეტები, კომპოზიტორები და მომღერლები, მხატვრები, მოქანდაკეები და ქორეოგრაფები, შემსრულებლები და ჩვენი უნიკალური ფოლკლორის ყველა მკვლევარი - თითოეული თქვენგანი, თქვენი განუმეორებელი ხელწერით, საქართველოს ერთიან, მრავალხმიან კულტურულ პორტრეტს ქმნით.

თქვენი შემოქმედება სცილდება პირადი წარმატების ფარგლებს. ეს არის საქმე, რომელიც ემსახურება მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას. თქვენ აკეთებთ ეროვნულ საქმეს და ამავდროულად, საკაცობრიო ფასეულობებზე ზრდით მომავალ თაობებს, მსოფლიოს უყვებით საქართველოს ისტორიას თუ დღევანდელობას, განამტკიცებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ ერთა ოჯახში.

სახელმწიფო ჯილდო, რომელიც თქვენ გადმოგეცემათ, არის ამ ღვაწლის მხოლოდ მოკრძალებული აღიარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი